Belive

22 გადარჩენილი მატჩ-პოინტის შედეგად მოგებული 7 ATP-ის ტიტული

3 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
საჩოგბურთო სამყაროს მოქმედი ლეგენდარული მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე არაერთი მიღწევითა თუ თვისებითაა. სერბი ჩოგბურთელის მახასიათებლებიდან მისი გულშემატკივრებიც, მტრებიც და ნეიტრალური ქომაგებიც უდიდეს დადებით მხარედ "რკინის ნერვებს" გამოარჩევენ.  "რკინის ნერვების" დამსახურებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა უამრავი ATP-ის ტიტული მოიგო, თუმცა ფაქტებად ასეთი შემთხვევა 7-ჯერ ფიქსირდება. აღნიშნულ 7 ტურნირზე, ნოლემ ჯამში 22 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და ტიტულს დაეუფლა. 
პირველი ტურნირი, რომელშიც ჯოკომ მატჩ-პოინტები გადაარჩინა და საბოლოოდ ტიტულს დაეუფლა, 2007 წელს ვენის 500-ქულიანი ასპარეზი გახლდათ, სადაც 1/4-ფინალში ხუან იგნასიო ჩელას წინააღმდეგ 2 მატჩ-პოინტი გადაარჩინა.     
2009 წლის ბაზელის ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, მაშინ როცა ნოვაკის ოპონენტი რადეკ შტეპანეკი იყო, 3 მატჩ-პოინტი გადაარჩინა, საბოლოოდ კი ტურნირის ჩემპიონიც გახდა.     
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი "ქამბექი" ნოვაკ ჯოკოვიჩის შესრულებით, ლეგენდარული შვეიცარიელი "მაესტროს", როჯერ ფედერერის წინააღმდეგ 2011 წლის ამერიკის ღია პირველობაზე შედგა, სადაც ნოლემ ორმაგი მატჩ-პოინტიდან დაიხსნა თავი და როჯერს ფინალის საგზური გამოგლიჯა. ფინალში ნოლეს მეტოქე ასევე ლეგენდარული ესპანელი, რაფაელ ნადალი იყო, რომელსაც 4 სეტში გაუმკლავდა.  "ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩემი კარიერის განმავლობაში. მახსოვს, რომ კრიტიკულ მომენტში საკუთარ თავს ვუბრძანე მაყურებლის შეძახილები აღარ მომესმინა, ვინაიდან როჯერის ქომაგები მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდნენ ჩემს გულშემატკივრებს - შესაბამისი შედეგიც მივიღე, გავედი დიდი სლემის ფინალში და ჩემპიონის თასსაც დავეუფლე", - აცხადებს ნოვაკ ჯოკოვიჩი აღნიშნული შეხვედრის შესახებ 1 წლის წინანდელ ინტერვიუში.     
2012 წელს შანხაის ტურნირის ნახევარფინალში ჯოკოვიჩისა და მიურეის შეხვედრა შედგა, სადაც ამ უკანასკნელს 5 მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა სერბმა აღნიშნული მდგომარეობიდანაც შეძლო თავის დაღწევა და არამხოლოდ, მან ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა.     
5 მატჩ-პოინტის გადარჩენა და შეხვედრის წარმატებით დასრულება ჯოკოვიჩისთვის ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა - 2017 წლის საჩოგბურთო სეზონის დასაწყისში, დოჰას ტურნირზე, ვერდასკოს წინააღმდეგ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბმა აღნიშნული ფაქტი კარიერაში მეორედ შეძლო, შედეგად გავიდა ფინალში და ტიტულსაც დაეუფლა.     
როჯერის ქომაგებს დიდხანს ემახსოვრებათ 2019 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალი, სადაც 38 წლის როჯერს 2 მატჩ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ლოგიკურია, რომ თავის წინად საჩემპიონო მატჩ-პოინტები იყო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და კარიერაში მე-16 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.     
ნოვაკ ჯოკოვიჩის 79-ე კარიერული ტიტული - 2020 წლის დუბაის ტურნირია, აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გაელ მონფილსს ჰქონდა შანსი, რომ ჯოკოვიჩთან 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაესრულებინა და კარიერაში პირველად მისთვის შეხვედრა მოეგო, მაგრამ პლანეტის პირველმა ნომერმა კიდევ ერთხელ გაახსენა ჩოგბურთის გულშემატკივრებს, რომ მას ყოველთვის, ყველგან და ყველაფერი შეუძლია... ამჟამად სერბი ჩოგბურთელის მონაგარი 81 ATP-ის ტიტულია (რიგით მე-5 საუკეთესო მაჩვენებელი OPEN ERA-ში) და რეიტინგის სათავეშიც უცვლელად და მყარად ინარჩუნებს ადგილს.      

სხვა სტატიები