Belive

ATP ჩენდუ - მიმოხილვა (ფონინი-ებდენი; ფრიცი-კიურეი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ფაბიო ფონინი VS მეთიუ ებდენი

გრძელდება საჩოგბურთო ტურნირი ჩინეთში, კერძოდ ჩენდუში, სადაც ¼-ფინალური მატჩები გაიმართა. ნახევარფინალის საგზურისათვის ერთმანეთს იტალიელი, მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი, ფაბიო ფონინი და ავსტრალიელი, რეიტინგის 47-ე ნომერი მეთიუ ებდენი დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ფაბიო ფონინი მოიაზრებოდა. შეხვედრის სტარტზე მეთიუ ებდენმა მოწინააღმდეგეს დაუბრეიკა, თუმცა უმალვე დაკარგა საკუთარი მოწოდება, რომელსაც მალევე მიაყოლა კიდევ ერთი დაკარგული ჩამოწოდება და სეტი ანგარიშით - 6:4 იტალიელის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე სეტში პირველი ოთხი გეიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ფაბიო ფონინიმ მიჯრით 4 გეიმი მოიგო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. 70 წუთიანი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 6:2.

სემ კიურეი VS ტეილორ ფრიცი

რიგით მეორე ¼-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ამერიკელი, მსოფლიო რეიტინგის 58-ე ნომერი სემ კიურეი (რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოთიშა ასპარეზობას) და რეიტინგის 62-ე ნომერი, ასევე ამერიკელი ტეილორ ფრიცი. პირველ სეტში ტეილორ ფრიცი ბრეიკის უპირატესობით იგებდა, თუმცა ანგარიშით 5:3-ზე, როდესაც იგი სეტის მოსაგებად აწვდიდა დაკარგა საკუთარი მოწოდება და პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა. ტაი-ბრეიკზე უშეცდომოდ და ბრწყინვალედ მოქმედებდა ტეილორ ფრიცი, რომელიც უკლებლივ ყველა გათამაშებაში მაქსიმალურ ენერგიას დებდა და შესაბამისად მეტოქეს ტაი-ბრეიკზე მხოლოდ ერთი ქულა დაუთმო. მეორე სეტში ამერიკელი ჩოგბურთელები პირველი 10 გეიმის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს, თუმცა ანგარიშით 5:5-ზე სემ კიურეიმ საკუთარი მოწოდება წააგო, რომელსაც ტეილორ ფრიცის მხრიდან უშეცდომოდ აღებული გეიმი მოჰყვა და შეხვედრა მის სასარგებლოდ, 2 სეტში, საათსა და 27 წუთში, ანგარიშით - 7:6(1), 7:5.      

სხვა სტატიები