Belive

ATP ვენა - ფინალი (მიმოხილვა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა კაცთა ერთეულთა თანრიგში მიმდინარე ვენის 500-ქულიანი ტურნირი, სადაც შესანიშნავი ასპარეზობით ფინალის საგზურები მოიპოვეს მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა კევინ ანდერსონმა და მე-11 ნომერმა კეი ნიშიკორიმ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად იაპონელი ჩოგბურთელი - კეი ნიშიკორი მიიჩნეოდა, თუმცა მატჩის სურათი სხვაგვარი გახლდათ. რთული და დამღლელი ბადის შემდეგ კევინ ანდერსონს ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდა გაძნელებოდა, ამასთან ერთად გუშინ მან ვერდასკოსთან შეხვედრის დროს მრავალჯერ მოუხმო სამედიცინო პერსონალს და მაჯის პრობლემის შესახებ დახმარებას ითხოვდა - რაც ქმნიდა ფონს, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფ კეი ნიშიკორთან ანდერსონი ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პირველ სეტში იაპონელმა ჩოგბურთელმა რიგით მეორე საკუთარი მოწოდება მეტოქეს დაუთმო, რაც სეტის ბედის გადასაწყვეტად საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე სეტს, ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, კეი ნიშიკორს ანგარიშით 4:4-ზე მეტოქის მოწოდებაზე ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (ე.წ. ფარული სეტ-პოინტი), რომელიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე ანგარიშით - 3:7 დამარცხდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ავსტრიის ტურნე კევინ ანდერსონის საჩოგბურთო კარიერაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

სხვა სტატიები