ავსტრალიის ღია პირველობა – 1/4-ფინალური ეტაპი

ავსტრალიის ღია პირველობა საჩოგბურთო სამყაროს ყოველწლიურ კალენდარში პირველი დიდი სლემის ტურნირია.

ავსტრალიის ღია პირველობა - 1/4-ფინალური ეტაპი 1

2020 წლის პირველი დიდი სლემის ჩატარების საკითხმა გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვია. ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრის შედეგად ჰაერის დაბინძურების ნიშნულმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა. საბოლოოდ ტურნირის ორგანიზატორებმა სლემის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

მელბურნში მიმდინარე ასპარეზზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა, რომელსაც გასულ წელს მე-3 რაუნდში გასვლისათვის მოპოვებული ქულები ჰქონდა დასაცავი, თუმცა ნიკამ 2020 წლის დიდი ავსტრალიური ტურნე მე-2 ეტაპზე, ვეტერანი ესპანელი ჩოგბურთელის, ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ დაასრულა.

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საუკეთესო 8 ჩოგბურთელი გამოვლინდა, შესაბამისად ცნობილია ოთხი 1/4-ფინალური წყვილი.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. მილოშ რაონიჩი 

ავსტრალიის ღია პირველობა - 1/4-ფინალური ეტაპი 2

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დასაცავად იბრძვის. სერბმა პირველ წრეში იან ლენარდ შტუფის წინააღმდეგ ერთი სეტი დათმო, მას შემდეგ კი სამი მეტოქე, სეტების თვალსაზრისით მშრალად დაამარცხა. ჯოკოვიჩის მეტოქე 1/4-ფინალურ ეტაპზე მილოშ რაონიჩი იქნება, რომელიც თავის წილად ბრწყინვალე ფორმაშია. კანადელმა ჩოგბურთელმა ოთხივე მეტოქე ისე დაამარცხა, რომ ერთი სეტიც არ წაუგია, განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი მეტოქეები ბოლო 2-რაუნდში – სტეფანოს ციციპასი და მარინ ჩილიჩი. ამრიგად ჩოგბურთის ექსპერტები ჯოკოვიჩსა და რაონიჩს შორის დრამატულ ორთაბრძოლას ელიან, რომელში ფავორიტადაც, რა თქმა უნდა, სერბი ჩოგბურთელია მიჩნეული.

 

როჯერ ფედერერი Vs. ტენის სენდგრინი 

ავსტრალიის ღია პირველობა - 1/4-ფინალური ეტაპი 3

38 წლის როჯერ ფედერერი საკუთარ ასაკს მხოლოდ ციფრების სტატუსს ანიჭებს, ეს ყველაფერი მან 2020 წლის პირველ შეხვედრებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მაესტროსათვის განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ადგილობრივ ჯონ მილმანთან დაპირისპირება, რომელიც 4 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ კი სუპერ ტაი-ბრეიკში ფედერერმა კიდევ ერთი მინი-საოცრება მოახინა – მან ანგარიშით 4:8-დან 10:8 მოიგო. ტენის სენდგრინი მსოფლიო რეიტინგის მე-100 ნომერია, მან ტრუნხელიტის დამარცხების შემდეგ, სამი საკმაოდ რთული მეტოქე – მატეო ბერეტინი, სემ ქუერი და ფაბიო ფონინი დაამარცხა. ფედერერსა და სენდგრინს შორის გასამართ შეხვედრაში ბუნებრივია, რომ ფავორიტად შვეიცარიელია მიჩნეული.

 

რაფაელ ნადალი Vs. დომინიკ ტიმი 

ავსტრალიის ღია პირველობა - 1/4-ფინალური ეტაპი 4

ესპანელი მატადორი ჰარდის საფარზე საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს. პლანეტის პირველმა ნომერმა ჯერ უგო დელიენს, შემდეგ ფედერიკო დელბონისს და მესამე რაუნდში კი თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტას უშანსოდ მოუგო, არცერთ მათგანს არცერთი სეტი არ დაუთმო. 1/8-ფინალურ ეტაპზე რაფას მეტოქე ადგილობრივი ნიკ კირგიოსი გახლდათ, რომელთანაც საკმაოდ სანახაობრივ შეხვედრაში იმარჯვა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ნადალის მეტოქე დომინიკ ტიმი იქნება, რომელმაც 2019 წელი ჰარდის საფარზე შესანიშნავად დახურა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ციციპასთან დამარცხდა ავსტრიელმა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა. ტიმმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ეტაპზე ტეილორ ფრიტსის წინააღმდეგ 5-სეტიან ბრძოლაში გაიმარჯვა, რამაც მის ირგვლის არადამაჯერებელი ფონი შექმნა, თუმცა 1/8-ფინალში მონფილსს 3-სეტში სძლია და ნადალთან მატჩს კარგ ფიზიკურ მზადყოფნაში შეხვდება.

 

სტენ ვავრინკა Vs. ალექსანდრ ზვერევი 

ავსტრალიის ღია პირველობა - 1/4-ფინალური ეტაპი 5

სტენ ვავრინკა ავსტრალიის ღია პირველობის 2014 წლის ტრიუმფატორია. შვეიცარიელი მსოფლიოს მე-15 ნომერია და რეიტინგში წინსვლას კვლავ განაგრძობს. 1/8-ფინალურ ეტაპზე ვავრინკამ მსოფლიოს მე-4 ჩოგანს, რუს დანილ მედვედევს, დრამატულ, 5-სეტიან ორთაბროლაში სძლია. რაც შეეხება ალექსანდრ ზვერევს, მან აქამდე გამართული ოთხივე შეხვედრაში ოპონენტებს არცერთი სეტი არ დაუთმო, მისი მეტოქეები ჩეკინატო, გერასიმოვი, ვერდასკო და რუბლევი გახლდნენ. ექსპერტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ალექსანდრ ზვერევია მიჩნეული.

(195)

ავსტრალიის ღია პირველობა – 1/4-ფინალური ეტაპი

სტატიის ავტორი
-