Belive

ავსტრალიის ღია პირველობა 2021 - 1/4-ფინალური ეტაპის ყველა შეხვედრის მიმოხილვა

3 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
ავსტრალიის ღია პირველობა ყოველწლიურ საჩოგბურთო ტურნირების ბადეში, რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირია, რომელიც 2021 წელს მისთვის არადამახასიათებელ დროს დაიწყო – როგორც წესი ტურნირი იანვრის ბოლოს იღებს სტარტს, თუმცა პანდემიის გამო 2021 წელს ტურნირის სტარმა თებერვლამდე გადმოიწია. ტურნირზე ფაქტობრივად ყველა TOP მოთამაშე იღებს მონაწილეობას, გარდა როჯერ ფედერერისა, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესი საგრძნობლად გაეწელა. გთავაზობთ 1/4-ფინალური შეხვედრების როგორც სიტყვიერ, ასევე ვიდეო მიმოხილვას.

ასლან კარაცევი Vs. გრიგორ დიმიტროვი


კარაცევისა და დიმიტროვის წყვილს შორის ერთპიროვნულ ფავორიტად ბულგარელი ჩოგბურთელი იყო მიჩნეული, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა კვლავ მოახერხა წარმატებული სვლის გაგრძელება და პირველი წაგებული სეტის შემდეგ, მიჯრით 3 სეტი მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ასლან კარაცევი ავსტრალიური ტურნეს მთავარი აღმოჩენაა, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრით მან შეძლო და რამდენიმე რეკორდი დაამყარა - 1977 წლის შემდეგ, ის გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ასევე კარაცევი 2005 წლის შემდეგ პირველი რუსი ჩოგბურთელია, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, 2005 წელს იგივე მარატ საფინმა მოახერხა. შეხვედრის ანგარიში - 2:6; 6:4; 6:1; 6:2 - კარაცევის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ალექსანდრ ზვერევი


ნოვაკ ჯოკოვიჩის ფიზიკური მდგომარეობა რომ არასტაბილურია, ფაქტობრივად ყველასთვის თვალსაჩინო ამბავია, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, სერბი ჩოგბურთელი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას. 1/4-ფინალში მისი მეტოქე, მართლაც, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ. მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკის წყალობით იმარჯვა, თუმცა მას შემდეგ რეიტინგლის ლიდერის წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდა. ჯოკოვიჩი ნახევარფინალში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურნირის მთავარ აღმოჩენას, ასლან კარაცევს დაუპირისპირდება. შეხვედრის ანგარიში - 6:7(6); 6:2; 6:4; 7:6(6) - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

დანილ მედვედევი Vs. ანდრეი რუბლევი


მედვედევისა და რუბლევის წყვილის გამო, რუსი გულშემატკივარი ორ ნაწილად გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი რუბლევი თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია, ის კვლავ ვერ ახერხებს დანილ მედვედევის დამარცხებას, მეტიც, აწ უკვე 5 შეხვედრიდან, რუბლევს მედვედევისათვის სეტიც კი არ მოუგია. მედვედევი თავის მხრივ განაგრძობს შესანისნავ სვლას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მას უკვე 19 შეხვედრა აქვს მიჯრით მოგებული, აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებელში, რეკორდის მფლობელი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც 2011 წელს 41 შეხვედრაში დაუმარცხებლად იმარჯვა. შეხვედრის ანგარიში - 7:5; 6:3; 6:2 - მედვედევის სასარგებლოდ.  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

რაფაელ ნადალი Vs. სტეფანოს ციციპასი


2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ბოლო 1/4-ფინალური შეხვედრა ნამდვილი დრამა გამოდგა. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი და ჩოგბურთის ლეგენდა რაფაელ ნადალი, საწყისი ორი სეტის განმავლობაში ცალსახად დომინირებდა, თუმცა მესამე სეტიდან სტეფანოს ციციპასმა საკუთარ თავში უდიდესი ძალა გამონახა და გულშემატკივარს ბრწყინვალე "ქამბექი" აჩუქა, ბერძენი 5-სეტიანი შეხვედრის გამარჯვებული გახდა. მომდევნო ეტაპზე ციციპასის მეტოქე დანილ მედვედევი იქნება. შეხვედრის ანგარიში - 6:3; 6:2; 6:7(4); 4:6; 5:7 - ციციპასის სასარგებლოდ.  შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

სხვა სტატიები