Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - ნახევარფინალური წყვილები | პრევიუ

2 წლის წინ ჩოგბურთი
7 წთ
მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე, 1/4-ფინალური ეტაპის მატჩები, რუსი - დანილ მედვედევისა და კანადელი - ფელის ოჟე-ალიასიმის მატჩით დაიხურა, რომელიც 4 საათი და 38 წუთი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი რუსმა ჩოგბურთელმა 2-სეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე, პირველი ნახევარფინალური მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს რეიტინგის მე-7 პოზიციაზე მყოფი იტალიელი - მატეო ბერეტინი და მე-5 ჩოგანი, ლეგენდარული ესპანელი - რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალისტების განვლილი გზა


მატეო ბერეტინი



იტალიელი ჩოგბურთელი AUS OPEN-ის გათამაშებაში პირველივე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ნაკაშიმა იყო. მატეომ ოპონენტს 4-სეტში სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორე წრეში მატეო კვლავ ამერიკელ ჩოგბურთელს კოზლოვს შეხვდა. მსგავსად წინა შეხვედრისა, ეს დაპირისპირებაც 4-სეტში მოიგო. მესამე რაუნდში ბერეტინის მძიმე ბრძოლა ჰქონდა, სადაც ესპანელ ამომავალ ვარსკვლავს - ალკარას გარფიას დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში 5 სეტი ვიხილეთ, სადაც საბოლოოდ, დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებულის სტატუსი იტალიელ ჩოგბურთელს ერგო. ალკარასის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს მე-7 ნომერი კვლავ ესპანელ მოთამაშეს - პაბლო კარენო-ბუსტას გადაეკვეთა. ალკარასთან მძიმე ბრძოლაში დაღლილი იტალიელისგან გულშემატკივარი დიდ ბრძოლას ელოდა, თუმცა ბერეტინიმ მეორე ესპანელიც დაამარცხა, ამჯერად ძალიან მარტივად, ანგარიშით - 3:0 და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4-ფინალში ბერეტინის მეტოქე, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ფრანგი ჩოგბურთელი - გაელ მონფილსი იყო. ბერეტინიმ შეხვედრა ძალიან მარტივი ორი სეტით დაიწყო, რომელიც საკუთარ აქტივში მიითვალა, თუმცა მესამე და მეოთხე სეტებში თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა და სადავეები ფრანგი ჩოგბურთელის ხელში გადავიდა. საბოლოოდ მატეო ბერეტინიმ მეხუთე, გადამწყვეტ სეტში, გაელ მონფილსი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლეგენდარული მეტოქე ეყოლება - ამჯერად იტალიელი ჩოგბურთელი ფინალის საგზურის მოპოვებას რაფა ნადალთან შეეცდება.

რაფაელ ნადალი



ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა, ესპანელმა "მატადორმა" ამერიკელ - ხირონთან დაიწყო, სადაც მარტივად სამ სეტში გაიმარჯვა. მისი შემდეგი მეტოქე გერმანელი იანიკ ჰანფმანი იყო, რომელსაც ასევე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, 3 სეტში გაუმკლავდა. 1/16-ფინალში გზად რუსი ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-8 ნომერი - კარენ ხაჩანოვი გადაეღობა, რომელთან მხოლოდ ერთი სეტი დათმო, თუმცა საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა. ნადალმა 1/8-ფინალშიც მარტივად დაძლია, სადაც ადრიან მარანინოს 3-სეტში მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა. ამ ფაზაზე ესპანელის მეტოქედ კანადელი - დენის შაპოვალოვი იყო წარმოდგენილი. ამ თამაშში უდავო ფავორიტი სწორედ ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი იყო. მატჩი ნადალმა პირველი ორი სეტის გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მესამე და მეოთხე სეტებში სიტუაცია შეიცვალა და შაპოვალოვმა თამაშში დაბრუნება შეძლო. საბოლოოდ რაფამ კანადელი მეტოქე 1/4- ფინალში, მძიმე ბრძოლაში ანგარიშიც 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.  მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება კი 28 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზეა ჩანიშნული (დრო შესაძლოა შეიცვალოს). ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს, ბერძენი - სტეფანოს ციციპასი და რუსი - დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.

სტეფანოს ციციპასი



მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერმა, სტეფანოს ციციპასმა ასპარეზობა შვედ მეტოქესთან - იმერთან, ძალიან მარტივი გამარჯვებით დაიწყო (3:0). ბერძენისთვის შემდეგი ორი ეტაპიც საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. მეორე რაუნდში არგენტინელი - ბაეზი, 3-სეტში დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე კი ვეტერან ფრანგთან, ბენუა პერისთან 4-სეტიან მატჩში იმარჯვა. ციციპასმა 1/8-ფინალში ურთულესი ბრძოლა გამართა ამერიკელ ამომავალ ვარსკვლავთან - ტეილორ ფრიცთან (3:2). მიუხედავად იმ ტრავმისა და ოპერაციის სირთულისა, რომელიც სტეფანოს ციციპასმა AUS OPEN-ის დაწყებამდე 2 თვით ადრე გაიარა, ბერძენი ჩოგბურთელი კორტზე სრულფასოვნად დომინირებდა. 1/4-ფინალში, ციციპასის მეტოქე, იტალიელი ამომავალი ვარსკვლავი, 19 წლის - იანიკ სინერი იყო, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე შესანიშნავად ასპარეზობდა და მეტიც - ამ დაპირისპირებაში ფავორიტად იტალიელი მიიჩნეოდა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, სტეფანოს ციციპასმა იანიკ სინერი ძალიან მარტივად, 3-სეტში დაამარცხა და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

 დანილ მედვედევი



ნოვაკ ჯოკოვიჩის არ ყოფნაში, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ნომრად განთესილი - დანილ მედვედევი კარიერის მეორე სლემს უმიზნებს. მედვედევმა ასპარეზობა შვეიცარიელ - ლააკსონენთან დაიწყო და სეტდაუკარგავად, მარტივი გამარჯვება მოიპოვა. რთული ბრძოლა ელოდა მეორე ეტაპზე ავსტრალიელ - ნიკ კირიოსთან, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყვლებედნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დანილ მედვედევს ურთულესი მატჩი უნდა ჰქონოდა, კორტის უპირატესობა იყო, სადაც 15 ათასი შეკრებილი ადამიანი კირიოსს გულშემატკივრობდა. საბოლოოდ დიდი ტალანტის მქონე ნიკმა, რუსი "ოქტოპუსისთვის" (სწორედ ასე მოიხსენიებენ ჩოგბურთის ექსპერტები დანილ მედვედევს) მხოლოდ ერთი სეტის მოგება შეძლო (3:1). ავსტრალიური ბარიერის დაძლევის შემდეგ, მედვედევმა ასპარეზობიდან ნიდერლანდელი ტალანტი - ვან დე ზანდშულპი უშანსოდ, სამ სეტში დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. რუსმა "ოქტოპუსმა" 1/8-ფინალში, ამერიკელი - კრესი, ანგარიშით - 3:1, დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე უძლიერესი კანადელი, ფელიქს ოჟე-ალიასიმი ელოდა. ნახევარფინალური მატჩის დასაწყისი რუსი ჩოგბურთელისთვის უმძიმესი გამოდგა. 21 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმმა, მატჩის სტარტზე, პირველ ნომრად განთესილ რუს ჩოგბურთელს საწყისი ორი სეტი მოუგო. მესამე სეტის ტაიბრეიკმა კი მატჩში დიდი გარდატეხა მოახდინა - კერძოდ, დანილ მედვედევმა ტაიბრეიკში მარტივად მოიგო და სეტებში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა (2:1), მეოთხე სეტის მე-11 გეიმში მედვედევმა კანადელი ვარსკვლავი დააბრეიკა და შემდეგ საკუთარი ჩაწოდებით სეტებში ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, დანილ მედვედევმა, მეხუთე, გადამწყვეტი სეტის მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6; 6:3; 6:7; 5:7; 4:6, - რუსი "ოქტოპუსის" სასარგებლოდ.

ნახევარფინალური წყვილები


მატეო ბერეტინი Vs. რაფაელ ნადალი

სტაფანოს ციციპასი Vs. დანილ მედვედევი

სხვა სტატიები