Belive

ავსტრალიის ღია პირველობა - რაუნდი პირველი

5 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ

2019 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საწყისი დღე დასრულებულია - ავსტრალიის ღია პირველობის სტარტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი Vs. კრისტოფერ ეუბანკსი

6:4, 4:6, 7:6(6), 6:3 - ბასილაშვილის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  პირველი და რაც უმთავრესია საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზეა! ქართველის მეტოქე ამერიკელი პერსპექტიული მოთამაშე კრისტოფერ ეუბანკსი გახლდათ, რომელთანაც 4 სეტიანი ბრძოლის შედეგად ნიკოლოზმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე, ასევე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილი სტეფანოს ტრავალია იქნება.      

კევინ ანდერსონი Vs. ადრიან მანარინო

6:3, 5:7, 6:2, 6:1 - ანდერსონის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა ჩაატარა მსოფლიო რეიტინგის მე-6 საფეხურზე მყოფმა კევინ ანდერსონმა, რომელმაც ადრიან მანარინოსთან 3 საათიანი შეხვედრა ჩაატარა და ჯამში, 4 სეტიანი ბრძოლის ხარჯზე მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ფრენსის ტიაფოს შეხვდება.      

სტეფანოს ციციპასი Vs. მატეო ბერეტინი

6:7(3), 6:4, 6:3, 7:6(4) - ციციპასის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  როგორც ჩანს ახალგაზრდა ბერძენი ავსტრალიის ღია პირველობას კარგ ფიზიკურ კონდიციაში შეხვდა, მისი მეტოქე იტალიური ჩოგბურთის იმედი მატეო ბერეტინი გახლდათ, თუმცა ციციპასმა მეტოქე 4 სეტიან ბრძოლაში ტურნირს გამოასალმა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე რაუნდში გავა, მისი მეტოქე ციციპასსა და ტროიცკის შორის გაირკვევა.    

ჯეიმს დაკვორტი Vs. რაფაელ ნადალი

4:6, 3:6, 5:7 - ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ლეგენდა და ამჟამინდელი მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის საწყის ეტაპზე ჯეიმს დაკვორტს შეხვდა, რომელთანაც არც თუ ისე მარტივად, მაგრამ მაინც სეტის წაუგებლად გაიმარჯვა. მომდევნო ეტაპზე მატადორის მეტოქე მეთიუ ებდენი იქნება.    

რეილი ოპელკა Vs. ჯონ ისნერი

7:6(4), 7:6(6), 6:7(4), 7:6(5) - ოპელკას სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  რეილი ოპელკა მსოფლიო რეიტინგის 97-ე საფეხურზე იმყოფება, იგი ავსტრალიის ღია პირველობის პირველი დღის სენსაციის ავტორია, მან მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა. შეხვედრა მართლაც რომ ყველაზე დრამატული იყო პირველი დღის დაპირისპირებებს შორის, ვინაიდან მაყურებელმა კორტზე 4 ტაიბრეიკი იხილა.      

კაილი ედმუნდი Vs. ტომას ბერდიხი

3:6, 0:6, 5:7 - ბერდიხის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ძალზედ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირზე ბრიტანელების ამომავალი ვარსკვლავის - კაილი ედმუნდის მონაწილეობით, რომლის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი ტომას ბერდიხი გახლდათ. შეხვედრის ფავორიტად ედმუნდი მიიჩნეოდა, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ იგი არად ჩააგდო და 3 სეტში, მათ შორის მეორე სეტი მშრალად, დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც რობინ ჰაასეს ბარიერის დაძლევა მოუწევს.    

გაელ მონფილსი Vs. დამირ ჯუმჰური

6:0. 6:4, 6:0 - მონფილსის სასარგებლოდ.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა გაელ მონფილსმა, რომელმაც პირველივე შეხვედრაში ანახა მაყურებელს, რომ საოცარ მზადყოფნაში ხვდება ავსტრალიის ღია პირველობას. ფრანგის მეტოქე ბოსნიელი დამირ ჯუმჰური გახლდათ, რომელსაც 3 სეტიანი შეხვდრა საოცარ დროში, საათსა და 21 წუთში დაუმთავრა. მონფილსმა მეტოქეს ორი სეტის განმავლობაში არცერთი გეიმი არ დაუთმო, რაც ნამდვილად რომ მის კარგ ფორმას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მონფილსი მომდევნო წრეში ტეილოფ ფრიტზს დაუპირისპირდება.      

სხვა სტატიები