Belive

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაქცინაცია აუცილებელია | რას იზამს ჯოკოვიჩი?

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
კოვიდ პანდემია სპორტულ ასპარეზზე კვლავ აქტიურად იჭრება, აზიანებს და ჩარჩოებში აქცევს უამრავ კომპონენტს, მათ შორის ისეთ სპორტსმენების ასპარეზობის საკითხსაც კი როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელია და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი იმ კუთხით, რომ ნოვაკი გასულ წელს, ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადებებს ღიად აკეთებდა. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურ კალენდარში პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა. ავსტრალიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაქცინაციის პროცესი სავალდებულო გახადა, მათ შორის სპორტსმენებისათვის, შესაბამისად სერბი ჩოგბურთელის ტურნირზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ”ტურნირზე მონაწილეობა სრულიად ნოვაკ ჯოკოვიჩის ხელშია. იმ შემთხვევაში თუ ის აიცრება, ტურნირზე თამაშის უფლებას მიიღებს, თუ არ აიცრება - ვერა. ერთადერთი ბერკეტი იმისათვის, რომ სპორტსმენმა ტურნირზე ასპარეზობა შეძლოს ეს არის ორმაგი დოზით ვაქცინაცია", - ასეთი იყო ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ. დღევანდელი მოცემულობით ოფიციალურად დადასტურდა ზემოთხსენებული ინფორმაცია. ვიქტორიას შტატის პრემიერ მინისტრი დარწმუნებით იუწყება, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე დაიშვებიან მხოლოდ ორმაგი დოზით აცრილი სპორტსმენები. "არ აქვს მნიშვნელობა არც ჩოგბურთის რეიტინგს და არც იმას თუ ვის რამდენი სლემი აქვს მოგებული. ამ შემთხვევაში ყველა თანაბარ პოზიციაშია. ითამაშებს ის ვინც იქნება ვაქცინირებული" "თქვენ უნდა იყოთ ვაქცინირებული რათა დაიცვათ როგორც ტიტული და მოპოვებული ქულები, ასევე სხვა ადამიანები", - აცხადებს ვიქტორიას შტატის პრემიერი დანიელ ენდრიუსი. რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, ჩოგბურთელი ამ ეტაპისათვის ვაქცინაციის სტატუსს არ ასაჯაროვებს. "ეს ჩემი პირადი სივრცე და პირადი საქმეა. არ მინდა ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ არ ვიცი რა უკუკავშირი იქნება საზოგადოებისგან" "რაც შეეხება ავსტრალიის ღია პირველობას, არ ვიცი ვითამაშებ თუ არა, შესაბამისად არ ვიცი დავიცავ თუ არა ტიტულს", - ამბობს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი. შეგახსენებთ, დიდი სლემის 2022 წლის ღონისძიების საწყისი თარიღი 17 იანვარია.  

სხვა სტატიები