Belive

ბასილაშვილი Vs. რამოსი | პრევიუ

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ინდიან უელსის მესამე წრეში ქართველი ჩოგბურთელის ოპონენტი მსოფლიო რეიტინგის 48-ე ნომერი, ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება. ქართულ-ესპანური წყვილის დაპირისპირება აქამდე მხოლოდ ერთხელ გაიმართა, რომელიც 2018 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა და ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. ამ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ რამოს-ვინოლასმა ჯერ ლორენცო მუსეტი, შემდეგ კი, მეორე წრეში, ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა, რაც მის კარგ კონდიციებზე მეტყველებს. მიუხედავად ზემოთხსენებული რამოს-ვინოლასის ფორმისა, ექსპერტებმა შეხვედრის ფავორიტად ბასილაშვილი მიიჩნიეს. დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, Live.ge საჩოგბურთო ანალიტიკოსსა და ექსპერტს, ლევან მათეშვილს ესაუბრა: "ვფიქრობ, რომ ბასილაშვილისა და რამოსის შეხვედრა მარტივი მოგებით, რომელიმე ჩოგბურთელის მხრიდან, არ დასრულდება. იქნება ბრძოლა, რომელშიც, სიმართლე გითხრათ, მეც ნიკოლოზის მოგებისკენ ვიხრები" "ეს არის შანსი, რომ ნიკამ სოლიდური სარეიტინგო ქულები გამოიმუშავოს. თუ რამოსს გავცდებით, მომდევნო ეტაპზე ხაჩანოვისა და კარენო ბუსტას წყვილის გამარჯვებული გველოდება, რაც ერთი შეხედვით რთულად ჩანს, მაგრამ ნიკოლოზის პოტენციალი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე რამოს-ვინოლასის, ხაჩანოვის ან კარენო ბუსტას დამარცხებაა", - აცხადებს ლევან მათეშვილი. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რამოს-ვინოლასის შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები