Belive

ბასილაშვილის დასანანი მარცხი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
აშშ-ში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად იღებს მონაწილეობას. დღეს, მსოფლიოს 31-ე ჩოგანი ტურნირის მერვედფინალში, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა.ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრძოლისუნარიანი ოპონენტი აღმოჩნდა ესპანელისთვის,რაც ანგარიშზეც აისახა. მესამე სეტში ნადალს დაღლა დაეტყო, რამდენჯერმე უკმაყოფილოც კი იყო საკუთარი თავით,რამაც თამაშში მეტი დაძაბულობა შეიტანა. დღევანდელი შეხვედრა 6:3, 6:3, 6:7(6:8), 6:4 ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა.
თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ორივე ჩოგბურთელისთვის.  ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს თანაბრად ეთამაშებოდა,თუმცა შეიძლება ითქვას ნიკოლოზს ბევრ გადამწყვეტ მომენტში არ გაუმართლა. 
თამაში 3 საათი და 25 წუთი გაგრძელდა პირველ სეტის საწყის ექვს გეიმში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ბასილაშვილმა სამ თავის გეიმში მხოლოდ ერთი ქულა დათმო, მაგრამ მერვე გეიმში ნადალმა პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა და ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც, სეტზე ჩააწოდა. მეორე სეტი ნადალის გამარჯვებით დამთავრდა. ბასილაშვილმა მესამე სეტის მოგების რეალური შანსი მიიღო, როცა მესამე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ნადალმა იქვე უკუბრეიკით უპასუხა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები ბრეიკ-პოინტებამდე ვერ მიდიოდნენ და საბოლოოდ, ტაიბრეიკამდე მიაღწიეს. ტაიბრეიკზე ნადალი ორჯერ გავიდა წინ მინი-ბრეიკით და ქართველმა ორივეჯერ გაათანაბრა. სულ მალე კი ბასილაშვილმა სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ ნადალმა ბექჰენდით აღადგინა თანაფარდობა - 6:6. ნიკამ მალე მეორე სეტბოლი მიიღო და შანსი გამოიყენა - 7:6(8:6). ნადალმა მეოთხე სეტის პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილს შეეძლო მეოთხე გეიმში უკუბრეიკის აღება, მაგრამ ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეექვსე გეიმში ქართველმა მაინც აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება და გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ნადალმა ისევ შეძლო ბრეიკის შესრულება და 4:3 დაწინაურდა. ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და ესპანელი მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. ბოლო გეიმში ნადალმა მშრალად აიღო საკუთარი მოწოდება და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა, სადაც თქვა,რომ ურთულესი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან. მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძლიერი და აგრესიული თამაში აჩვენა. მან თქვა,რომ ყველაფერი გააკეთა მატჩის მოსაგებად. დღევანდელი გამარჯვებით კი ბედნიერია.  შეგახსენებთ რომ რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი, დიდი სლემის ტურნირის 16 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა,რაც მისთვის უკვე დიდი წარმატებაა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს გასული წლის ზაფხულშიც შეხვდა. ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები „როლან გაროსზე“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ,სადაც რაფაელ ნადალმა უშანსოდ დატოვა ქართველი სპორტსმენი. ესპანელმა ქართველი ჩოგანი  6:0, 6:1, 6:0 დაამარცხა. Live.ge-ს სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკოლოზს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ტურნირებზე.

სხვა სტატიები