Belive

განადგურებული როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ახლახანს England Lawn Tennis Club-მა უიმბლდონის ტურნირის ჩატარება არჩატარების საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ასეთია - კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის უიმბლდონის ტურნირი გაუქმებულია, ჩოგბურთელები და ჩოგბურთის მოყვარულები ბალახის საფარიანი დიდი სლემის ტურნირით 2021 წლამდე ვერ ისიამოვნებენ. რამდენიმე დღის წინ მედიაგამოცემა Eurosport-ი როჯერ ფედერერისა და სერენა უილიამსის შესახებ იწერებოდა, რომ კორონავირუსისგან საჩოგბურთო სამყაროს უდიდესი ზიანი მიადგა, ვინაიდან ზემოთხსენებული 2 ლეგენდარული მოთამაშე კარიერის ბოლო ფაზაში არიან და მათ მიერ ჩატარებული თითოეული ტურნირი, ისევე როგორც გულშემატკივრებისათვის, ასევე ჩოგბურთის მოყვარულთათვის უდიდესი ზეიმის ტოლფასია - თუმცა ტურნირები განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული - ოფიციალურად 7 ივნისამდე ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება შეჩერებულია/გაუქმებულია, განახლდება თუ არა საჩოგბურთო შეჯიბრებები აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჯერ უცნობია. ახლა, როცა უიმბლდონის გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი საკითხს საკუთარ სოციალურ ქსელში მოკლედ და ემოციურად ეხმაურებიან. უიმბლდონის 8 გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი მაესტრო, როჯერ ფედერერი წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით განადგურებულია:

"არ არსებობს გიფი, რომელიც ჩემს გრძნობებს ზუსტად გამოსახავდა", - ასეთი შინაარსისაა წარწერა, რომელიც ფედერერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზეა გამოსახული. რაც შეეხება ქალთა ჩოგბურთის ლეგენდას, სერენა უილიამსს, მან დაწერა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის შოკისმომგვრელი იყო. "შოკში ვარ", - ასე გამოეხმაურა სერენა უიმბლდონის წლევანდელი ასპარეზის გაუქმებას. სერენა უიმბლდონის 7-გზის ტრიუმფატორია.

როჯერ ფედერერსა და სერენა უილიამსს უიმბლდონის ტურნირი ერთსა და იმავე წლებში 3-ჯერ აქვთ მოგებული - 2003, 2009 და 2012. მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდები თანატოლები არიან, ორივე მათგანი 38 წლისაა. შანსი იმისა, რომ ბალახის საფარზე ჩოგბურთის მოყვარულები ორივე მათგანს პროფესიონალი ჩოგბურთელების რანგში კიდევ ვიხილავთ მცირეა, თუმცა იმედი ძალიან დიდი...

სხვა სტატიები