Belive

ჩოგბურთი 2020: საინტერესო სტატისტიკური მონაცემები

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
წლევანდელი საჩოგბურთო სეზონი წლის საწყისი დღეებიდანვე დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ჩოგბურთელები არაერთ ტურნირზე ასპარეზობდნენ, სადაც სარეიტინგო ქულებთან ერთად ტიტულების მოპოვებისათვის იბრძოდნენ.  2020 წლის საჩოგბურთო სეზონი ჩოგბურთის ისტორიაში ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეულია უამრავი მიზეზიდან გამომდინარე, თუმცა თითოეული ეს მიზეზი მსოფლიოში არსებული პანდემიითაა გამოწვეული. განსხვავებულ ფორმატში მიმდინარე სეზონში უამრავი ტურნირი გაუქმდა, თუმცა შესაძლებლობისამებრ ჩატარდა ის ტურნირები, რომელთა ორგანიზატორებმაც მიიჩნიეს, რომ პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ნორმებს სრულად დაიცავდნენ. გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მაჩვენებლებს 2020 წლის საჩოგბურთო სეზონიდან:
წლის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ანდრეი რუბლევი გახდა, რომელმაც 5 ტიტული მიითვალა.

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი (ტურნირებიდან მიღებული თანხა) ნოვაკ ჯოკოვიჩია $ 6,511,233

ყველაზე მეტი ფინალი - ამ სტატისტიკურ მაჩვენებელს ჯოკოვიჩი და რუბლევი ლიდერობენ, ორივე მათგანმა ხუთჯერ იასპარეზა ფინალში და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუბლევმა ხუთივე შემთხვევაში იმარჯვა.

ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა პლანეტის პირველმა ნომერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოიმუშავა 6,455. 

ტიტულის დაცვა ოთხმა ჩოგბურთელმა მოახერხა - ნოვაკ ჯოკოვიჩი (ავსტრალიის ღია პირველობა); გაელ მონფილსი - ATP როტერდამი; სტეფანოს ციციპასი - ATP მარსელი; რაფაელ ნადალი - საფრანგეთის ღია პირველობა.

ჩოგბურთელები, რომლებმაც 2020 წელს მსოფლიო რეიტინგის TOP 10-ში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს - დომინიკ ტიმი N3; ანდრეი რუბლევი N8; დიეგო შვარცმანი N8; დენის შაპოვალოვი N10. 

შეიცვალა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი: 2020 წლის თებერვალში (3 თებერვლიდან) მსოფლიო რეიტინგს სათავეში რაფაელ ნადალის ნაცვლად ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაუდგა. 

2020 წელს მრავალწლიანი ფენომენალური და ასევე ლეგენდარული ასპარეზობა დაასრულეს ძმებმა ბრაიანებმა (მაიკ და ბობი ბრაიანები). ამერიკელი ძმები წყვილთა თანრიგს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ.

ყველაზე მეტი საჩოგბურთო ტიტული 2020 წელს ფრანგებმა მოიგეს - ჯამში 8. 

 

სხვა სტატიები