Belive

ჩოგბურთის მომავალი | გაიცანით ბიჭი, რომელმაც თიხაზე თიხის მეფე დაამარცხა

3 წლის წინ ჩოგბურთი
7 წთ
თანამედროვე საჩოგბურთო სამყაროს უმთავრესი პრობლემა დიდი ტრიოს (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი) ეპოქისშემდგომი პერიოდია, რომელიც, თავის მხრივ, უმთავრეს დილემას აყენებს - შეძლებს ახალი თაობის წარმომადგენელი რომელიმე ჩოგბურთელი ჩაანაცვლოს ან მიუახლოვდეს მაინც როჯერს, რაფას ან ნოვაკს?! ჩოგბურთის ექსპერტების თანახმად, დიდი ტრიოს ჩანაცვლება სპორტის ამ სახეობის ფაქტობრივად თავდაყირა დაყენებას და სრულიად ახალი ეპოქის შექმნას გულისხმობს: ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელების საუკეთესო სამეულს აკომპლექტებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მომდევნო თაობა, წინამორბედებზე მინიმუმ ნახევარი ნაბიჯით წინ არის, ჩოგბურთში ეს დაუწერელი კანონი დიდმა ტრიომ შეცვალა, ვინაიდან ფედერერიც, ნადალიც და ჯოკოვიჩიც ყოველ მომდევნო თაობას თავად უსწრებენ ნახევარი ნაბიჯით - ამჟამინდელი მოცემულობა ასეთია, თუმცა იმედია ცვალებადი“, - აცხადებს ჩოგბურთის ერთ-ერთი ექსპერტი. ამ სტატიაში თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჩოგბურთელს, მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერ, ახალგაზრდა რუს ჩოგბურთელ, ანდრეი რუბლევს გაგაცნობთ/მიმოვიხილავთ.

ვინ არის ანდრეი რუბლევი


დაბადების თარიღი: 1997 წლის 20 ოქტომბერი  სიმაღლე: 188 სმ პოზიცია მსოფლიო რეიტინგში: 7  ტიტულები: 8 გამომუშავებული თანხა: $8,042,395 მწვრთნელი: ფერნანდო ვისენტე მეტსახელი: რუბლი
რუბლევი 1997 წლის 20 ოქტომბერს, მოსკოვში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ჩოგბურთელის მამა - ყოფილი პროფესიონალი მოკრივეა, დედა კი ჩოგბურთის მწვრთნელი. აღსანიშნავია, რომ რუბლევის დედა წვრთნიდა ისეთ ჩოგბურთელს, როგორიცაა ანა კურნიკოვა. მარინა მარენკო ერთობ მკაცრი იმიჯით არის ცნობილი და სწორედ ამის გამო ჟურნალისტებს ანდრეისათვის არაერთხელ უკითხავთ იყო თუ არა დედამისი ისეთივე მკაცრი მის მიმართ, როგორიც საკუთარი მოსწავლეების მიმართაა, რაც ჩოგბურთელმა კატეგორიულად უარყო. „დედაჩემი არასოდეს ყოფილა ჩემ მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოდ მიკეთებდნენ“, - აცხადებს ანდრეი. ბავშვობიდან ჩოგბურთისაკენ მიდრეკილი ანდრეი რუბლევის სადებიუტო ტურნირი, ლუქსემბურგში, 13 წლის ასაკში შედგა. პირველი გამარჯვება კი ფინიქსში გამართულ ტურნირზე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რუბლევის რჩეული მოთამაშეები 2014 წლის ინტერვიუს თანახმად როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და მილოშ რაონიჩი არიან, რომელსაც ჩოგბურთელის მხრიდან საკმაოდ საინტერესო ახსნა აქვს: „მინდა მქონდეს რაონიჩის მოწოდება, ნადალის ფიზიკური გამძლეობა და ფეხების სისწრაფე და როჯერის ფორჰენდი, - ასე განმარტავს ანდრეი რუბლევი რჩეული ჩოგბურთელების სამეულს. თემატურად რომ გადავიდეთ ამჟამინდელ რუბლევზე და 16 წლის ასაკში ზემოთხსენებული  „ნანატრი“ უნარები ამჟამინდელ უნარებს მივუსადაგოთ, ასეთი რეალობა დადგება:
  • 23 წლის რუსს საკმაოდ ძლიერი მოწოდება აქვს, რომელიც პირველ მოწოდებაზე, საშუალოდ 200 კილომეტრ საათზე მეტია.
  • მისი ფიზიკური გამძლეობა და სისწრაფე ძალიან მაღალ დონეზეა, რასაც თითოეული მისი შეხვედრა ნათლად ადასტურებს, თუმცა ე.წ. „Footwork” არის ფაქტორი, რომელსაც რუბლევს პროფესიონალები არ უწუნებენ, თუმცა გაუმჯობესების შესაძლებლობაზე მიუთითებენ.
  • რუბლევის ფორჰენდს „მომაკვდინებელს“ ეძახიან - ახალგაზრდა რუსი ერთ-ერთი იმ ჩოგბურთელთაგანია, რომელსაც პროფესიონალურ ტურში საუკეთესო ფორჰენდი აქვს, რომელიც გათამაშების განმავლობაში ფაქტობრივად მუდმივად ძლიერდება, ყოველი მომდევნო დარტყმა წინაზე ძლიერია.
„თუ Footwork-სა და ორმაგი შეცდომების პრობლემას აღმოფხვრის, ვფიქრობ ის იქნება ნამდვილი მონსტრი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველასათვის პრობლემა იქნება“, - აცხადებს ლეგენდარული რუსი ჩოგბურთელი ევგენი კაფელნიკოვი. 2020 წლის სეზონის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავინ იცოდა კორონავირუსის არსებობის შესახებ, როჯერ ფედერერს ჰკითხეს, თუ ვინ იქნებოდა მისი აზრით 2020 წლის სეზონის აღმოჩენა, რაზეც მან ჩვენი სტატიის "მთავარი გმირის" ანდრეი რუბლევის სახელი და გვარი უპასუხა. ლეგენდარული როჯერის პროგნოზი ახდა - რუბლევმა 2020 წლის სეზონი TOP 20-ის მიღმა დაიწყო, ის მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი გახლდათ, თუმცა წლის ბოლოს მე-8 პოზიციამდე აღზევდა.

ვენა, სანქტ-პეტერბურგი, ჰამბურგი, ადელაიდა და დოჰა - ეს იმ ტურნირების ჩამონათვალია, რომელიც ანდრეი რუბლევმა საკუთარ აქტივში მიითვალა და 2020 წლის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელიც თავად გახდა.
adelaide





რუბლევის თამაში იმდენად სტაბილური და აგრესიულია, რომ 2021 წლის 18 მარტს, დუბაის ტურნირზე ჩვენი სტატიის "მთავარ გმირთან" დამარცხებულმა მარტონ ფუქსოვიჩმა კორტიდან გასვლის წინ რუბლევს ხუმრობით უთხრა, რომ იმედს იტოვებდა, რომ 2021 წელს ერთმანეთს აღარ შეხვდებოდნენ, თუმცა სულ ტყუილად. ზუსტად 11 დღეში მათი გზები კვლავ გადაიკვეთა, თუმცა მხოლოდ 54 წუთით - რუბლევმა უნგრელ მეტოქეს 6:2; 6:1 მოუგო.
ჰობი - რაოდენ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს, რუბლევი გატაცებულია ელექტრონული მუსიკით და საკუთარი კომპოზიციებიც აქვს შექმნილი. მისი რჩეულები მარტინ გარიქსი და ალან უოკერი არიან. რუბლევი ასევე დაინტერესებულია კალათბურთით, რომელსაც როგორც იძახიან კარგადაც თამაშობს და კრივით, ჩოგბურთელს მაიკ ტაისონის ცხოვრება განსაკუთრებულად აინტერესებს.

"ბიჭი, რომელიც თიხაზე, თიხის მეფეს ამარცხებს"



წლევანდელი საჩოგბურთო ასპარეზის თიხის სეზონზე "თიხის მეფე" ანუ რაფაელ ნადალი, მაყურებელმა პირველად მონტე-კარლოს მასტერსზე იხილა. რაფა თითქოს შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა, ვინაიდან 1/4-ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ 5 გეიმი დათმო - შესაბამისად, ასეც შეიძლება ითქვას, რომ ესპანელმა მატადორმა დელბონისი და დიმიტროვი გაანადგურა. 1/4-ფინალში რაფას მეტოქე ანდრეი რუბლევი იყო, რომელმაც არათუ რაფა, არამედ მთლიანად მსოფლიო საჩოგბურთო სამყარო გააოცა, პირველ რიგში სრულყოფილი მენტალური მზადყოფნით, რომელიც რაფასთან თამაშის დროს აუცილებელი წინაპირობაა, თანაც რაფასთან, რომელიც "თიხის მეფობასთან" ერთად, მონტე-კარლოს ტურნირის 11-გზის გამარჯვებულია. ზედმიწევნით და უნაკლოდ შესრულებული მწვრთნელის დავალება - რუბლევმა ნადალი კორტში ფაქტობრივად არ შემოუშვა და მუდმივად უკანა ხაზიდან ათამაშა, რაც რუბლევისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, რის ხარჯზეც საბოლოოდ იმარჯვა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ რუბლევის ასაკში ფედერერიც, ჯოკოვიჩიც და ნადალიც "ვარსკვლავებს ეთამაშებოდნენ", ამ პირობებში, როცა თანამედროვე ჩოგბურთს ჯერ კიდევ ჰყავს 3 მონსტრი, რუბლევის მონაგარიც დასაფასებელია. წინ ძალიან ბევრი დიდი ტურნირია, რომელზეც რუბლევის თამაშის ყურება უბრალოდ სიამოვნებაა... ეს არის ბიჭი, რომელმაც ნადალს თიხაზე პირველივე ურთიერთშეხვედრა მოუგო!

სხვა სტატიები