ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად – ფედერერს რეიტინგი აღარ აქვს

ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა, როჯერ ფედერერი ATP-ის რეიტინგის მიღმა დარჩა, რაც 1997 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ATP-ის განახლებულ რეიტინგში ბოლო 52 კვირის განმავლობაში მოპოვებული ქულებია გათვალისწინებული. ვინაიდან, როჯერს შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია, ის ახლა ქულების გარეშეა.

წლევანდელი უიმბლდონის დაწყბამდე, 40 წლის ჩოგბურთელი 97-ე ადგილს იკავებდა. ფედერერი რეიტინგში პირველად 1997 წლის სექტემბერში, 16 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა 803-ე ჩოგანი იყო.

როჯერმა ბოლოს გასული წლის 7 ივლისს, უიმბლდონის მეოთხედფინალში იასპარეზა, სადაც ჰუბერტ ჰურკაჩთან სამ სეტში დამარცხდა. ამ მატჩიდან მალევე კი ბოლო 18 წლის განმავლობაში მუხლზე მესამე ოპერაცია გაიკეთა. შვეიცარიელი იმედოვნებს, რომ გამოჯანმრთელებას ოქტომბრამდე მოასწრებს და კორტს ბაზელის ღია პირველობისთვის დაუბრუნდება.

ფედერერს კარიერაში 20 გრანდ სლემი აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (21) და რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება.


ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად – ფედერერს რეიტინგი აღარ აქვს

სტატიის ავტორი
-