დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსით ჩორიჩი დაინფიცირდა

ხორვატიაში, ადრიატიკის ტურზე ბორნა ჩორიჩთან მარცხის შემდეგ, გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩორიჩთან წაგების შემდეგ, დიმიტროვი დაუყოვნებლივ მონაკოში მდებარე სახლში გაემგზავრა, სადაც თავი ცუდად იგრძნო, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ტურნირის ხელმძღვანელმა გორან ივანიშევიჩმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ადრიატიკის ტური გააუქმა.

დაინფიცირების შემდეგ, დიმიტროვმა Instagram-ზე პოსტი განათავსა, სადაც ბოდიში მოუხადა ყველა იმ პირს ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა მათგანი ჩაიტარებდა ტესტს.

ბორნა ჩორიჩი პირველი ჩოგბურთელია, რომელსაც დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას eurosport.com-ი ავრცელებს. COVID19-ით დაინფიცირების თაობაზე, ჩორიჩმა Instagram-ზე განთავსებული პოსტით განაცხადა. დიმიტროვის მსგავსად, ჩორიჩმაც ბოდიში მოიხადა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ჩაიტარებდა ტესტს.

“მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ვიმედოვნებ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩემთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ჩაიტარებს ტესტირებას. ბოდიშს ვიხდი, თუ უნებლიეთ რომელიმე თქვენგანს ზიანი მოგაყენეთ. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ გამაჩნია. დარჩით უსაფრთხოდ და ჯანმრთელები”, – აღნიშნულია ბორნა ჩორიჩის განცხადებაში.

დიმიტროვისა და ჩორიჩის დაინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი შესაძლოა ადრიატიკის ტურზე მოასპარეზე სხვა ვარსკვლავებსაც აღმოაჩნდეთ. ბელგრადის ერთ-ერთ ღამის კლუბში დიმიტროვი ჯოკოვიჩთან, ზვერევთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შენიშნეს. დიმიტროვმა მათთან ერთად კალათბურთიც ითამაშა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმის – ჯორჯეს მტკიცებით, რომელიც ადრიატიკის ტურის დირექტორია, დიმიტროვთან კონტაქტში მყოფ ყველა ჩოგბურთელს უახლოეს პერიოდში ტესტირება ჩაუტარდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საჩოგბურთო ტურნირები მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია. ადრიატიკის ტური ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით მიმდინარეობდა და იგი საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდა.

(83)

დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსით ჩორიჩი დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-