Belive

ჯოკოვიჩი-დელ პოტრო: US OPEN-ის ფინალის მიმოხილვა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩი - ხუან-მარტინ დელ პოტრო

 
დასრულდა ამერიკის ღია პირველობა, სადაც კაცთა ერთეულთა თანრიგში საკმაოდ საინტერესო ფინალი ვიხილეთ. საფინალო შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რეიტინგის მე-3 ნომერი ხუან-მარტინ დელ პოტრო. ჩოგბურთის ექსპერტების აზრით მატჩის ფავორიტად სერბი ჩოგბურთელი მოიაზრებოდა, რომელმაც მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ამ ტურნირის მანძილზე. ნოვაკი მთელი მატჩის განმავლობაში ფაქტობრივად უშეცდომოდ ასპარეზობდა, პირველ სეტში ერთი მოპოვებული ბრეიკის ხარჯზე ანგარიშით - 6:3 გაიმარჯვა. მეორე სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა, არგენტინელმა ჩოგბურთელმა რიგით მეორე საკუთარი მოწოდება დაკარგა, თუმცა მალე წონასწორობა აღადგინა და სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა. ტაიბრეიკზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევე, როგორც მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. სერბი ჩოგბურთელი თითოეულ გათამაშებაში საკუთარი ძალების მაქსიმუმს დებდა და შეიძლება ითქვას ყველაფერს იდეალურად აკეთებდა, რამაც სასურველ შედეგამდე მიიყვანა და 2 სეტიანი უპირატესობაც მოიპოვა. რაც შეეხება მესამე სეტს, დელ პოტრომ ანგარიშით 1:2-ზე საკუთარი მოწოდება მოწინააღმდეგის აქტივში მიათვალა, რაც ფაქტობრივად მატჩის წაგებას ნიშნავდა, მაგრამ მომდევნო გეიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით წონასწორობა აღადგინა. არგენტინელი საკმაოდ დაღლილის იერს ტოვებდა, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩს არ გამოპარვია და მატჩის ბოლოს წინა გეიმი არგენტინელს ისევ წაართვა. დასკვნით გეიმში ნოლემ მოწინააღმდეგეს დაბრეიკების არანაირი შანსი არ მისცა და კარიერაში მე-14 დიდი სლემის ტიტულს დაეუფლა, რითაც ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუთანაბრდა. ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგში 3 საფეხურით წინ გადანაცვლდა, ხოლო არგენტინელი ჩოგბურთელი მიუხედავად დამატებით მოპოვებული 480 სარეიტინგო ქულისა ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეიდან მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომრად მოგვევლინება.  

სხვა სტატიები