Belive

ჯოკოვიჩი, ფედერერი და ნადალი საზოგადოებას მიმართავენ

4 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩოგბურთის დიდი ტრიო - ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი საზოგადოებას გამამხნევებელი მესიჯით მიმართავენ. ჯოკოვიჩი, რომელსაც 2020 წლის საჩოგბურთო სეზონში არცერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული და სავარაუდოდ განუსაზღვრელი დროით გადაედო ბრწყინვალე სვლა (ამჟამინდელი დადგენილებით საჩოგბურთო ღონისძიებები 7 ივნისამდეა შეჩერებული), საზოგადოებას ასეთი სიტყვებით მიმართავს:

"სწორედ ახლაა დრო, როდესაც ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ ჩვენს ოჯახის წევრებთან. თხოვნით მოგმართავთ, რომ დარჩეთ სახლებში და ხელი შევუწყოთ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც თავდაუზოგავად ეხმარებიან დაინფიცირებულ ადამიანებს".
როჯერ ფედერერმა, რომელმაც სულ ახლახანს 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაიღო კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისათვის, სოციალურ ქსელში საკუთარ "მიმდევრებს" ვირუსის წინააღმდეგ დაწესებული პროტოკოლის დაცვისაკენ მოუწოდა.
"მე უბრალოდ ვრჩები სახლში და დროებით მისალმებისას ხელს არავის ვართმევ. ხელებს განსაკუთრებული სიხშირით ვიბან. მჯერა, რომ ერთმანეთის დახმარება ამჟამად თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა. განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ უფროსი თაობის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ვირუსის მთავარ რისკ ჯგუფში ირიცხებიან - მათთან 2-მეტრიანი დისტანცია უნდა გვქონდეს და არ ჩამოვართვათ ხელი. ამ ყველაფერს გაგებით და ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ"
რაც შეეხება რაფაელ ნადალს, ესპანელმა მატადორმა თანამემამულეებს და გულშემატკივრებს ვიდეომიმართვა ჩაუწერა. "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, ექთანს და მედ-პერსონალს, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობისათვის ყველაფერს აკეთებენ" "ასევე პოლიციას, ეროვნულ გვარდიას და თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს და რომელიც რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება. მსურს რომ გამოვხატო თქვენდამი უღრმესი პატივისცემა და დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ჩვენი გმირები ხართ!",- ასეთია რაფაელ ნადალის მიმართვა. მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიით ამჟმად 486 000 ადამიანზე მეტია ინფიცირებული. ნოვაკ ჯოკოვიჩის სამშობლოში (სერბეთი) ვირუსს 386 ადამიანი ებრძვის რაც გაცილები დაბალი მაჩვენებელია ვიდრე, ფედერერისა და ნადალის სამშობლოში - შვეიცარიაში ინფიცირებულთა ოდენობა 11 435 ადამიანს აღწევს, ხოლო ესპანეთში 56 188 ადამიანია დაავადებული.  

სხვა სტატიები