Belive

ჯოკოვიჩი ტოკიოში არსებულ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებზე საუბრობს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. სხვა სპორტების მსგავსად, ოლიმპიური თამაშები ჩოგბურთშიც ტარდება, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგებში. ჩოგბურთის ტურნირზე მონაწილეობას მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩიც იღებს, რომელმაც პირველი რაუნდის შეხვედრის წარმატებით დაძლევის შემდეგ, გაუსაძლის ამინდის პირობებზე ისაუბრა. "აქ, ჩოგბურთის სათამაშოდ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია, სადაც ოდესმე მითამაშია. ერთი სიტყვით შეფასებას თუ მთხოვთ გეტყვით, რომ ეს სრული სისასტიკეა" "მიუხედავად ყველაფრისა, გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს ჯოკოვიჩი. იმ დროს, როცა ჯოკოვიჩმა პირველი შეხვედრა ჩაატარა, ტოკიოში 34 გრადუსი იყო, რაც ერთი შეხედვით, ტემპერატურული თვალსაზრისით გაუსაძლისი მცხუნვარების მაჩვენებელი ნამდვილად არაა, თუმცა აქ საყურადღებოა ის, რომ იაპონიის დედაქალაქში, ტენიანობის მაჩვენებელი 80%-ზეა. ჯოკოვიჩის მსგავსად ტოკიოში არსებულ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე ბასილაშვილმაც ისაუბრა, რომელიც ჯოკოვიჩის მსგავსად, აცხადებს, რომ ასეთ პირობებში თამაში ურთულესია.

სხვა სტატიები