Belive

ჯოკოვიჩის პროტესტს ნადალიც შეუერთდა - US OPEN ვარსკვლავების გარეშე რჩება

3 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ყველანაირი მოვლენა თავდაყირა დააყენა, მათ შორისაა სპორტული აქტივობებიც, რომელთა შორისაც ცხადია, ჩოგბურთი და ყოველწლიური ტურნირებიც იგულისხმება. საჩოგბურთო სამყაროს წელიწადში 4 დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულებით ფასდება (2000 ქულა). ავსტრალიის ღია პირველობის ჩატარება კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებს დაუსხლტა და მოესწრო, თუმცა როლან გაროსი ჩვეული ვადიდან რამდენიმე თვით გადაიწია და შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს ჩატარდება. უიმბლდონის წლევანდელი ასპარეზი საერთოდ გაუქმდა, ხოლო ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი, რომელიც საკუთარ ვადებში ჩატარდება (ასეთია ბოლო ინფორმაცია), გახლავთ ამერიკის ღია პირველობა. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამჟამად მსოფლიოში ეპიდვითარება ყველაზე მძიმე სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, რაც ეჭვქვეშ უნდა აყენებდეს ტურნირის ჩატარებას, თუმცა ორგანიზატორებმა ჩოგბურთელებსა და საჩოგბურთო ასოციაციებს წარუდგინეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ღია პირველობა "უდანაკარგოთ", არსებულ ვადებში ჩატარდება. აღნიშნულ საკითხს პროტესტი გამოუცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. გთავაზობთ სერბის კომენტარს: “პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მთავარია სეზონი დროულად გაგრძელდეს და რაც მთავარია – თიხის საფარიანი ტურნირებით, რომელიც რომ არა კორონა უდანაკარგოთ ჩატარდებოდა”  “რაც შეეხება ამერიკის ღია პირველობას, ჩემთვის მიზანშეწონილი არაა რომ ჩავიდე ტურნირზე ისეთ ქალაქში, სადაც კარანტინში ყოფნა მომიწევს. უამრავ ჩოგბურთელს ვესაუბრე და მათი მოსაზრებაც იდენტურია. შეუძლებელია ნიუ იორკში იყო და მანჰეტენზე გასვლა არ შეგეძლოს”  სერბის პროტესტს შეუერთდა რაფაელ ნადალიც და როჯერ ფედერერიც, თუმცა ეს უკანასკნელი გაპროტესტების გარეშეც ვერ ითამაშებდა წლევანდელ ასპარეზზე გამომდინარე გამწვავებული ტრავმიდან, თუმცა იდეურად ჯოკოვიჩისა და რაფას გვერდით დადგა. გარდა იმისა, რომ ჩოგბურთელებს უმკაცრეს პირობებში მოუწევთ ამერიკის ღია პირველობის დროს აშშ-ში ყოფნა, ტურნირის დასრულების შემდეგ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებისას თითოეულ მათგანს 2-კვირიანი საკარანტინო ზონის გამოვლა მოუწევთ. თუ არაფერი შეიცვალა 2020 წლის ამერიკის ღია პირველობა 21-ე საუკუნეში პირველი დიდი სლემის ტურნირი იქნება, რომელში მონაწილეობასაც "დიდი ტრიოს" არცერთი წევრი არ მიიღებს, შესაბამისად დანარჩენ ჩოგბურთელებს ნანატრ ტიტულამდე გზა ხსნილი ექნებათ...

სხვა სტატიები