Belive

ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში დარჩენისთვის სასამართლო დავა მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ავსტრალიის სასამართლომ გადაწყვეტილება ნოვაკ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ მიიღო. ჯოკოვიჩის ადვოკატებისა და ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ მესაზღვრის მიერ მიღებული ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია. მოსამართლე ენტონი კელის გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების ბრძანება დაუყოვნებლივ გაბათილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სერბი ჩოგბურთელის სასარგებლოდ მიიღო, ჯოკოვიჩის ავსტრალიაში დარჩენა ჯერ კიდევ საეჭვოა. სახელისუფლებლო ადვოკატმა - კრის ტრანმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა შესაძლოა კვლავ განიხილოს ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმება. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონის თანახმად, მინისტრს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ვიზის გაუქმება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით შეუძლია. ადვოკატს ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების საფუძველი არ დაუკონკრეტებია. მოსამართლემ აღნიშნა, რომ თუ მინისტრი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯოკოვიჩს შესაძლოა ავსტრალიაში შესვლა სამი წლით აეკრძალოს. შეგახსენებთ, ჯოკოვიჩი ავსტრალიაში Australian Open-ზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. Australian Open-ის 9-გზის ტრიუმფატორი ტურნირზე ტიტულის დასაცავად ემზადებოდა და მონაწილეობის მისაღებად სპეციალური ნებართვა ჰქონდა მიღებული, თუმცა ავსტრალიაში მოქმედი მკაცრი კოვიდ პროტოკოლიდან გამომდინარე, ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს - სერბი ჩოგბურთელის ვიზა ვაქცინაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო გაუქმდა.

სხვა სტატიები