კორონავირუსის გამო ინდიან უელსი წელს არ ჩატარდება!

საჩოგბურთო სამყაროში წელიწადის განმავლობაში 9 მასტერსის ტიპის ტურნირი ტარდება, საიდანაც რიგით პირველი ინდიან უელსია.

მოგეხსენებათ, მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსის გამო კრიტიკული მდგომარეობაა და არაერთი სპორტული ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო, ანალოგიური ბედი ეწია წლევანდელ ინდიან უელსის ტურნირსაც, რომელიც კალიფორნიაში უნდა გამართულიყო.

ტურნირის ორგანიზატორებმა ახლახანს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ტურნირის გაუქმების მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობაა.

“ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ტურნირი არ ჩატარდება, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების, გულშემატკივრების, მოთამაშეების, მოხალისეების, სპონსორებისა და ტურნირის ორგანიზატორების ჯანმრთელობას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,” განაცხადა ტურნირის მთავარმა ორგანიზატორმა, ტომი ჰაასმა.

ტურნირში მონაწილეობა ისეთ ჩოგბურთელებს უნდა მიეღოთ, როგორებიც რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და კიმ კლაისტერსი არიან. გამომდინარე იქედან, რომ ტურნირი წელს არ ჩატარდება, შესაბამისად, გასულ წელს მოპოვებული ქულები ჩოგბურთელებს რეიტინგში მომავალ წლამდე შეუნარჩუნდებათ.

აღნიშნულ საკითხს რაფაელ ნადალი გამოეხმაურა: “ალბათ ყველამ გაიგეთ სიახლე – ინდიან უელსი გაუქმებულია. ჩვენ აქ ვართ და კვლავაც ვფიქრობთ, რა იქნება შემდეგ. მსოფლიოში არსებული მდგომარეობით ძალიან შეწუხებული ვარ. იმედი მაქვს, შესაბამისი სტრუქტურები პრობლემის გადაჭრის გზას იპოვიან”, ვკითხულობთ ესპანელი ჩოგბურთელის განცხადებაში.

ამ მომენტისთვის, აშშ-ში კორონავირუსის 554 შემთხვევაა დაფიქსირებული (22 გარდაცვლილი, 15 გამოჯანმრთელებული).

(98)

კორონავირუსის გამო ინდიან უელსი წელს არ ჩატარდება!

სტატიის ავტორი
-