Belive

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (ნახევარფინალები)

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ

11 ნოემბერს საჩოგბურთო სამყაროში უკანასკნელი ტურნირი დაიწყო - ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ეს გახლავთ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯგუფური სისტემით ტარდება, ასევე ერთადერთი ტურნირი, რომელიც 1500-ქულიანია. ტურნირს გამოაკლდნენ მსოფლიოს მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 საფეხურზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო, მათ ნაცვლად მე-9 და მე-10 ჩოგნები, კეი ნიშიკორი და ჯონ ისნერი ასპარეზობდნენ.
ტურნირი 2 ჯგუფისგან შედგება: A ჯგუფი:
  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი
  2. ალექსანდრ ზვერევი
  3. მარინ ჩილიჩი
  4. ჯონ ისნერი
B ჯგუფი:
  1. როჯერ ფედერერი
  2. კევინ ანდერსონი
  3. დომენიკ ტიმი
  4. კეი ნიშიკორი
ჯგუდან გასვლა როჯერ ფედერერმა, კევინ ანდერსონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ალექსანდრ ზვერევმა მოახერხეს. გთავაზობთ ნახევარფინალური შეხვედრების მრავალმხრივ მიმოხილვას:

როჯერ ფედერერი Vs. ალექსანდრ ზვერევი 

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, ლეგენდარული მაესტრო ანუ როჯერ ფედერერი ახალგაზრდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა. შეხვედრის ფავორიტად, რა თქმა უნდა, შვეიცარიელი ივარაუდებოდა, თუმცა მატჩში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პირველ სეტში როჯერმა გადამწყვეტ მომენტში დაკარგა საკუთარი მოწოდება და ანგარიშით - 7:5 დამარცხდა. რაც შეეხება მეორე სეტს, 37 წლის ფედერერმა მეტოქეს საწყის გეიმშივე გაუკეთა ბრეიკი, თუმცა ზვერევმა წონასწორობა უმალვე აღადგინა. საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც როჯერმა ისევ გადამწყვეტ მომენტში დაკარგა ქულა, ზვერევმა კი მოპოვებული მინი-ბრეიკი მატჩის მოგებამდე მიიყვანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 5:7, 6:7 (5) ალექსანდრ ზვერევის სასარგებლოდ. ფედერერისა და ზვერევის შეხვედრის ვიდეომიმოხილვა

   

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. კევინ ანდერსონი

მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვერავინ აჩერებს! წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ნახევარფინალში მას კევინ ანდერსონი შეხვდა. სამხრეთ აფრიკელი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ნოლეს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, შეხვედრა ძალიან მალე, საათსა და 17 წუთში ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:2 ნოვაკ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. ჯოკოვიჩისა და ანდერსონის შეხვედრის ვიდეომიმოხილვა
 

2018 წლის უკანასკნელი, ლონდონის 1500-ქულიანი ტურნირის ფინალში ერთმანეთის პირისპირ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ახალგაზრდა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი წარსდგებიან.

შეგახსენებთ, ჯოკოვიჩი და ზვერევი ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ერთ ჯგუფში იმყოფებოდნენ, შესაბამისად მათ შორის დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზე უკვე შედგა, რომელიც საათსა და 18 წუთში, ანგარიშით - 6:4, 6:1 ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი 18 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები