მნიშვნელოვანი ნახევარფინალები და ნანატრი ფინალი რომში – ჯოკოვიჩი Vs. ნადალი

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 1000-ქულიან ტურნირზე უმნიშნველოვანესი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ნადალი Vs. ციციპასი

 

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს მე-2 ჩოგან რაფაელ ნადალსა და რეიტინგის მე-7 საფეხურზე მყოფ სტეფანოს ციციპასს შორის გაიმართა. ესპანელ მატადორს ახალგაზრდა ბერძენთან გასულ კვირაში ნაგემები მარცხის შემდეგ დიდი შურისძიების შანსი მიეცა და გამოიყენა კიდეც. რაფა რომის მასტერსზე ბრწყინვალე ჩოგბურთს თამაშობს და თითოეულ მეტოქეს დაუნდობლად ისტუმრებს კორტიდან. ციციპასისა და ნადალის შეხვედრამ საათსა და 43 წუთს გასტანა, სადაც ნადალმა ორ სეტში ანგარიშით – 6:3, 6:4 იმარჯვა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:3, 6:4 ნადალის სასარგებლოდ.

ჯოკოვიჩი Vs. შვარცმანი

 

მეორე ნახევარფინალი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რეიტინგის 24-ე ნომერ დიეგო შვარცმანს შორის გაიმართა. ნოლე რომში ისეთი დამაჯერებელი, როგორიც მადრიდში იყო ნამდვილად ვერ არის, თუმცა შედეგი სახეზეა, რომ მას ზედიზედ მეორე მასტერსის მოგების შანსი აქვს. დიეგო შვარცმანთან დაპირისპირებამდე ნოლე კიდევ ერთ არგენტინელ ჩოგბურთელს, ხუან მარტინ დელ-პოტროს შეხვდა, რომელთანც ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და დრამატულ 3-სეტიან ბრძოლაში საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგს მიაღწია. სეტის მოგება ჯოკოვიჩის წინააღმდეგ შვარცმანმაც მოახერხა, თუმცა საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა, ვინაიდან გადამწყვეტ სეტში, ჯოკოვიჩი ცალსახად შეუდარებელი გახლდათ.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:3, 6:7(2), 6:3 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

ფინალი: ჯოკოვიჩი Vs. ნადალი

დადგა ნანატრი ფინალის დრო – სადაც ერთმანეთს პლანეტის პირველი და მეორე ნომრები – ჯოკოვიჩი და ნადალი დაუპირისპირდებიან, მათთვის ეს შეხვედრა რიგით 54-ე იქნება, განვლილ 53 დაპირისპირებაში უპირატესობას სერბი ჩოგბურთელი ფლობს, მას ნადალი 28-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 25-ჯერ კი გამარჯვება ესპანელს დარჩა. ჩოგბურთის ექსპერტების აზრით რომის მასტერსის ფინალში ფავორიტად რაფაელ ნადალია მიჩნეული. შეხვედრა დღეს, 19 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

(225)

მნიშვნელოვანი ნახევარფინალები და ნანატრი ფინალი რომში – ჯოკოვიჩი Vs. ნადალი

სტატიის ავტორი
-