Belive

მსოფლიოს პირველი ნომერი კარიერას 25 წლის ასაკში ასრულებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ

საჩოგბურთო სამყაროში გამაოგნებელი სიახლე გავრცელდა - ქალთა მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, ეშლი ბარტიმ, 25 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. "მადლიერი ვარ იმ სპორტის და იმ საქმის, რასაც ვაკეთებდი. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ამ სპორტმა სიამაყისა და კმაყოფილების შეგრძნების საშუალება მომცა. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მამხნევებდა და მხარს მიჭერდა"  "ამ ნაბიჯის გადადგმა ურთულესია და ისიც რთულია, რომ ამ გადაწყვეტილების არსი გარკვეულწილად მხოლოდ მე მესმის. მე ვიცი, რომ ახლა სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ" "ვიცი, რომ კარიერის დასრულება ნაადრევ ასაკში გადავწყვიტე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მჯერა, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებ. ეს იყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ახლა ის დროა, როდესაც სხვა ოცნებების ასრულებაზე უნდა ვიფიქრო", - აცხადებს ეშლი ბარტი. ავსტრალიელი ჩოგბურთელის კარიერის დასრულებას, სოციალურ სივრცეში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და ბუნებრივია, უმეტესი მათგანისთვის ბარტის გადაწყვეტილება რთულად აღსაქმელია, რასაც პირველ რიგში მისი ასაკის არგუმენტად მოყვანით ადასტურებენ. ეშლი ბარტიმ 25 წლის ასაკში 15 ტიტულის მოპოვება შეძლო, მათ შორის 3 სხვადასხვა ტიპის დიდი სლემის ტურნირია - ავსტრალიის ღია პირველობა (2022), როლან გაროსი (2019) და უიმბლდონი (2021).



აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი დიდი სლემის ტიტული სწორედ ეშლი ბარტიმ მოიპოვა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეშლი ბარტი პირველი ავსტრალიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. 25 წლის ჩოგბურთელის ჩემპიონობას, ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელი როდ ლეივერიც გამოეხმაურა, რომელმაც ეშლი ბარტი "ერთადერთ და განუმეორებელ" ჩოგბურთელად მოიხსენია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეშლი ბარტიმ წყვილთა თანრიგშიც საკმაოდ კარგი შედეგები დააფიქსირა, მან ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე შეძლო ფინალური რაუნდამდე გასვლა, თუმცა ჩემპიონობა 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა. როგორც აღვნიშნეთ, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ქალთა საჩოგბურთო რეიტინგში პირველი ნომერია, თუმცა საყურადღებოა ის, რომ ბარტი უახლოეს მდევარს 3,000 ქულით უსწრებს. ამრიგად, ქალთა საჩოგბურთო სამყარო უდიდესი ვარსკვლავის გარეშე რჩება. ავსტრალიურ ჩოგბურთს კი კიდევ მოუწევს დიდი ჩემპიონების ლოდინი...