Belive

ნადალი ჯოკოვიჩზე: ,,ავსტრალიის ღია პირველობა ნებისმიერ მოთამაშეზე გაცილებით მნიშვნელოვანია''

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, გარშემო არსებულ სკანდალზე, გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა ისაუბრა:
,,ცხადია, ჯოკოვიჩი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია, თუმცა არ არსებობს მოთამაშე, რომელიც ტურნირზე უფრო მნიშვნელოვანია... არც როჯერი, არც ნოვაკი, არც მე და არც ბიერნ ბორგი, რომელიც თავის ეპოქაში საოცარი იყო. ავსტრალიის ღია პირველობა ნებისმიერ მოთამაშეზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ტურნირი ჯოკოვიჩის გარეშეც მშვენივრად ჩატარდება და მასთან ერთადაც. ნოვაკს, როგორც ადამიანსა და სპორტსმენს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ მის ბოლოდროინდელ ქმედებებს არ ვეთანხმები,'' - ნადალის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
გუშინ ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - სერბს ვიზა მეორედ გაუუქმდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიაში ვიზა რამდენიმე დღის წინაც გაუუქმეს, თუმცა ნოვაკმა სასამართლოში საქმე მოიგო. მოსამართლის თქმით, ჯოკოვიჩი საკარანტინო სასტუმროდან უნდა გათავისუფლებულიყო და მისთვის პასპორტი და პირადი ნივთები დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებინათ. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. სერბი იმედოვნებდა, რომ ტურნირში მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა. ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ჯოკოვიჩს, რომელიც გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონია, ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული.

სხვა სტატიები