Belive

ნადალისა და ჯოკოვიჩის მატჩი შესაძლოა არ შედგეს

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ადამიანის უფლებათა დამცველები საუდის არაბეთში რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მატჩის გამართვის წინააღმდეგ გამოდიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობას აპროტესტებენ. ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა საუდის არაბეთის მთავრობის ინიციატივა მოიწონეს და 22 დეკემბერს მატჩის გამართვას დათანხმდნენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯოკოვიჩი და ნადალი ერთმანეთს საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ქალაქსა და ეკონომიკურ ცენტრში, ჯედაში უნდა დაპირისპირებოდნენ - თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული დაპირისპირება შესაძლოა არ შედგეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, საუდის არაბეთში უმცირესობებისა და ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა, ამ ყველაფერს კი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის მკვლელობაც დაემატა, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. უამრავმა ადამიანმა ჯოკოვიჩსა და ნადალს თხოვნით მიმართა, რომ საუდის არაბეთში გასამართ მატჩზე უარი განაცხადონ. თანამედროვე ჩოგბურთის ვარსკვლავებს ამ წუთისათვის საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. "სამწუხაროა, რომ ჟურნალისტი გარდაიცვალა. რამდენადაც ვიცი მისი სიკვდილი ბურუსითაა მოცული. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე უახლოეს მომავალში გაირკვევა", - აღნიშნა რაფა ნადალმა. ჯოკოვიჩის თქმით, იგი დამწუხრებულია რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. სერბი ჩოგბურთელის მტკიცებით, მას არ სურს არანაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროცესში მონაწილეობა. აღნიშნულ საკითხს აგრეთვე გამოეხმაურა როჯერ ფედერერი, რომელმაც აღიარა რომ მოწვევაზე უარი განაცხადა.

სხვა სტატიები