Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი | მე-19 სლემი მენტალური მონსტრისგან

2 წლის წინ ჩოგბურთი
8 წთ
სპორტისა და ჩოგბურთის მოყვარულებს შორის დიდი ალბათობით ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ნოვაკ ჯოკოვიჩის მინიმუმ სახელი და გვარი მაინც გაგონილი არ აქვს. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი


დაბადების თარიღი: 1987 წლის 22 მაისი (34 წლის)

სიმაღლე: 188 სმ

პოზიცია მსოფლიო რეიტინგში: 1

ტიტულები: 84

გამომუშავებული თანხა: $148,092,073

მწვრთნელი: მარიან ვაიდა, გორან ივანიშევიჩი

მეტსახელი: ნოლე / ჯოკერი / ჯოკო


ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია, რომელიც არამხოლოდ თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. პროფესიონალური კარიერა 2003 წელს დაიწყო (Turned Pro) და მას შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის, სპორტის ამ სახეობის მოვლენების ეპიცენტრის სიახლოვეს იყო.

პირველი მინიშნება, რომ ჩოგბურთში შვეიცარიულთან და ესპანურთან ერთად, "სერბული წარმოშობის" ეპოქაც იწყებოდა.


20 წლის ასაკში ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ჰეგემონია დაასრულა - მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი არასრული 3 წლის მანძილზე (ზედიზედ 11 დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული ან ფედერერი ან ნადალი ხდებოდა) დიდი სლემის ტურნირების ტიტულს არავის უთმობდნენ, სწორედ ამ დროს 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკმა გაიბრწყინა.

ჯოკოვიჩს გულშემატკივრების დიდ არმიასთან ერთად, ძალიან ბევრი აქტიური კრიტიკოსიც ჰყავს, თუმცა ქვემოთ მოყვანილია ჩოგბურთის ექსპერტების ციტატები, რომლებიც ჯოკოვიჩის სიძლიერეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:
"სერბი ჩოგბურთელი ამ სპორტის სახეობის ყველაზე რთულ ეპოქაში ჩაერთო საქმეში, თანაც როდის? მაშინ, როდესაც ფედერერსაც და ნადალსაც უკვე მჭიდროდ ჰქონდათ ფესვები გადგმული. მან არამხოლოდ საკუთარი სახელის დამკვიდრება შეძლო, არამედ ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა ფედერერისა და ნადალის სრულ დომინაციას."
"ჯოკოვიჩი ლეგენდაა, შეუძლებელია მისი განუსაზღვრელი შესაძლებლობების არდაფასება. უდიდესი სათამაშო ინტელექტი, 100%-იანი ფიზიკური მზაობა და ამავდროულად მენტალური მონსტრი"

შეუჩერებელი წარმატების სერია



ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელისთვის 2011 წელი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ვინაიდან პირველად გახდა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და ამავდროულად დაუჯერებელი წაუგებელი სერია ჰქონდა. ნოლემ შეძლო და სეზონის სტარტიდან 43-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მისი შეჩერება მხოლოდ შვეიცარიელმა მაესტრომ, როჯერ ფედერერმა, როლან გაროსის ნახევარფინალში, მოახერხა.

ერთადერთი და განუმეორებელი?


ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც 1000 და მეტ ქულიანი ყველა ტურნირი აქვს მოგებული. სერბის აქტივში ცხრავე მასტერსის ტიპის ტიტულია, ოთხივე დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონობა და ცხადია, ლონდონის შემაჯამებელი ტურნირიც. ჯოკოვიჩი ასევე გამორჩეულია იმით, რომ დიდი სლემის ოთხივე ტურნირი, მინიმუმ 2-ჯერ აქვს მოგებული. თითქოს უბრალოდ სიტყვებია, რომ "ჯოკოვიჩმა ყველაფერი მოიგო", თუმცა არსებობენ ჩოგბურთელები, რომლებიც ამ სპორტის სახეობას ისე ტოვებენ, რომ ზემოთხსენებული არცერთი ტიპის ტურნირი მოგებული არ აქვთ, მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებენ საუკეთესო ოცეულში ან ათეულში მოხვედრას და საკუთარ სახელს და გვარს ყველას კარგად ამახსოვრებენ.

მიჯრით მოგებული ოთხივე სლემი



1969 წელს როდ ლეივერმა შეძლო ის, რაც ამ დრომდე არავის გაუკეთებია - სპორტული წელი დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით, განაგრძო როლან გაროსისა და უიმბლდონის ჩემპიონობით და დაასრულა ამერიკის ღია პირველობით, ანუ მოიგო 4-დან 4 დიდი სლემის ტურნირი. იგივე ნოვაკ ჯოკოვიჩმაც გააკეთა, თუმცა ერთი სხვაობაა, როდ ლეივერმა 1969 წლის ყველა ტურნირი მოიგო, ჯოკოვიჩმა კი 2015 წლის უიმბლდონიდან დაიწყო და 2016 წლის როლან გაროსის ჩათვლით ყველა დიდი სლემის ტურნირის თასს დაეუფლა.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ყველაზე დიდი დროით


შვეიცარიელი მაესტრო ანუ როჯერ ფედერერი, ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგს სათავეში 310 კვირის განმავლობაში ედგა და ალბათ დამეთანხმებით, თუ გეტყვით, რომ ამ რეკორდის მოხსნა თითქოს ურთულეს მისიად მოიაზრებოდა, თუმცა ჯოკოვიჩი და ჩოგბურთი თავიდანვე ერთი მიზნით, ურთულესი მისიების გამკლავების მიზეზით გადაეკვეთნენ ერთმანეთს... ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგს უკვე 325 კვირაა ლიდერობს და ეს რეკორდული მაჩვენებელი კვლავ გრძელდება...

რკინის ნერვები - მენტალური მონსტრი


სპორტული წარმატების მისაღწევად, განსაკუთრებით ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში, სპორტსმენებს მათი მენტალური მზაობის სრულყოფილი გამოვლინება მართებთ. ისტორიას უამრავი სპორტსმენი ახსოვს, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ტოვებდნენ, თითქოს რკინის ნერვები აქვთ, მათ შორის აუღელვებელი როჯერ ფედერერიც, თუმცა (ამ თუმცას გამო ბოდიშს სიამოვნებით მოხდიდი, ვინაიდან როჯერ ფედერერთან დაკავშირებული აღწერითი ხასიათის წინადადების "თუმცა"-თი გაგრძელება ცოტა უხერხულია) პირადად ჩემთვის, როგორც ამ სტატიის ავტორისათვის ამ მხრივ ორი ლიდერი იკვეთება - კობი ბრაიანტი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. სამწუხაროდ კობი ვეღარ, თუმცა ჯოკოვიჩი ჩემი ზედმეტი აღწერის გარეშეც დაგიმტკიცებთ თუ როგორი მენტალური მონსტრია, მე კი ერთ ვიდეოს გაჩვენებთ, სადაც უდიდესი ემოციური და ფიზიკური გადატვირთვის ფონზე, ჯოკოვიჩი ახდენს სრულ საოცრებას და თანაც ვისთან... როჯერ ფედერერთან...

მე-19 დიდი სლემის ტურნირი


2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იყო, რომელიც ნოლემ კარიერაში მეცხრედ მოიგო, წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი კი როლან გაროსია, რომელიც ასევე სერბის აქტივში ჩაიწერა. ტურნირის დაწყებამდე ერთი შეხედვით რთულად წარმოსადგენი იყო ჯოკოვიჩის დომინაცია გრუნტის საფარზე მაშინ, როცა ჯერ ნადალი და შემდეგ ციციპასი ფაქტობრივად "დაფრინავდნენ", თუმცა ჯოკოვიჩი ორივე მათგანს გაუმკლავდა - ნახევარფინალში ნადალს, ფინალში კი ციციპასს. ნახევარფინალურ მატჩს ჩოგბურთის ექსპერტები ნაადრევ ფინალად მოიხსენიებდნენ, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ციციპასმა ჯოკოვიჩი "ბეწვის ხიდზე გაატარა", თუმცა სერბმა გულშემატკივარს მორიგი "ქამბექი" აჩუქა და წაგებული საწყისი ორი სეტის შემდეგ ტურნირის ჩემპიონი გახდა.
"ეს შეხვედრა ერთ-ერთია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება", - ჯოკოვიჩის კომენტარი ნადალთან მოგებული მატჩის შემდეგ.
საყურადღებოა, რომ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, რომელიც როლან გაროსზე მე-16-ედ სცდიდა საკუთარ თავს. 16-წლიანი ასპარეზობის ფონზე ნადალი როლან გაროსზე მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა - დიახ, მას პრეტიჟული ფრანგული ტურნირი 13-ჯერ აქვს მოგებული. ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც როლან გაროსზე ნადალთან პირველი წაგებული სეტის შემდეგ მოგება მოახერხა! ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც როლან გაროსზე ნადალი ორჯერ დაამარცხა!

როლან გაროსი მეორედ მოიგო, დიდი სლემის ტურნირებში კი როჯერ ფედერერისა და ნადალის სარეკორდო მაჩვენებელს (20) მინიმალური სხვაობით ჩამორჩება, სერბ ჩოგბურთელს დიდი ტრიოდან ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ ამ ჭრილშიც სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდეს, თუმცა ამასობაში ახალი თაობის ჩოგბურთელების ძვირფასი წლები იკარგება, მაგრამ რა გაეწყობა როდესაც შენ წინააღმდეგ დიდი ტრიო ასპარეზობს... ჩოგბურთში კი მთავარ დილემად კვლავ ფედერერს, ნადალსა და ჯოკოვიჩს შორის საუკეთესოს გამოყოფა რჩება...    

სხვა სტატიები