ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა | ავსტრალიური საქმის დეტალები

2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა, დაწყებამდეც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, ვინაიდან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირზე არ დაუშვეს.

ხსენებული ამბავი საერთაშორისო მედიაში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.

სერბი ჩოგბურთელი ვაქცინაციის პროცედურის წინააღმდეგია, რამაც მას უმნიშვნელოვანეს ასპარეზზე თამაშის საშუალება არ მისცა.

თავდაპირველად ნოვაკმა სამედიცინო ცნობა წარადგინა, რის ხარჯზეც ავსტრალიაში შესვლა შეძლო, თუმცა მინისტრთა კაბინეტის მორიგი ინიციატივის შედეგად, სერბი სპორტსმენი ქვეყნიდან დაადეპორტეს.

ჯოკოვიჩს ვიზა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და წესრიგისთვის რისკის შექმნის გამო გაუუქმეს. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც აეროპორტში მას ბევრი ქომაგი დახვდა, რომლებიც სპორტსმენის გამხნევების მიზნით, მის სახელს სკანდირებდნენ.


ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა | ავსტრალიური საქმის დეტალები 1


ჯოკოვიჩის ჩამოსვლამდე 1 დღით ადრე კი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ერთ-ერთი შენობა სპეციალურად განათდა, რომელზეც ასეთი წარწერა იყო – “ნოლე, შენ სერბეთის სიამაყე ხარ!”.

სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჯოკოვიჩის დეპორტაცია ავსტრალიიდან უსამართლო გადაწყვეტილებაა, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებულები არიან, ხოლო სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა თქვა, რომ ვიზის გაუქმება სკანდალური გადაწყვეტილებაა.

“იმედგაცრუებული ვარ და ვფიქრობ, ამან აჩვენა, თუ როგორ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ანუ როგორ არ ფუნქციონირებს. ეს არის სკანდალური გადაწყვეტილება. ჩემი მხარდაჭერა ნოვაკ ჯოკოვიჩს!”, – თქვა ბრნაბიჩმა ბელგრადში საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ავსტრალიური კანონმდებლობის თანახმად ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლა 3-წლით აეკრძალება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ჯოკოვიჩის შემთხვევა ის გამონაკლისია, რომელზეც მიმართვიანობისას მისი განაცხადი განხილება.


ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა | ავსტრალიური საქმის დეტალები 2


საყურადღებოა, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა 9-ჯერ აქვს მოგებული და ამავდროულად მას შეეძლო ჩოგბურთის ისტორიაში სრული რეკორდსმენი გამხდარიყო, ვინაიდან ტრიუმფის შემთხვევაში სერბი ჩოგბურთელი 21-ე დიდი სლემის ტურნირის საჩემპიონო თასს დაეუფლებოდა. 

2022 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი როლან გაროსია, რომელიც 22 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ჯოკოვიჩის ავსტრალიური ამბებიდან გამომდინარე, საფრანგეთის სპორტის სამინისტრომ თადარიგი აქედანვე დაიჭირა და განაცხადა, რომ როლან გაროსზე მხოლოდ ვაქცინირებული სპორტსმენები დაიშვებიან, რაც ირიბად თუმცა ჯოკოვიჩის მისამართითაა გაჟღერებული.

34 წლის ჯოკოვიჩი ამტკიცებს, რომ სავალდებული ვაქცინაცია ადამიანის უფლებებისა და არჩევანის უხეში დარღვევაა, თუმცა მოცემულობა ისეთია, რომ თუ პლანეტის საუკეთესო მოთამაშე ვაქცინირებულთა რიგებს არ შეუერთდება, ის კიდევ არაერთ უმნიშვნელოვანეს ტურნირს გამოაკლდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა | ავსტრალიური საქმის დეტალები

სტატიის ავტორი
-