ნოვაკ ჯოკოვიჩის ემოციური პოსტი ამერიკის ღია პირველობის ფინალისტების მისამართით
3 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
დასრულდა ამერიკის ღია პირველობა, რომელიც პანდემიის პირობებში პირველი დიდი სლემის ტიტული გახლდათ. ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მიუხედავად უმაყურებლობისა, ემოციური და სანახაობრივი ფონი ნამდვილად დიდი იყო. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალური წყვილი ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ ტიმი გახლდნენ. გერმანულ-ავსტრიულმა წყვილმა მაყურებელს 5-სეტიანი, საოცარი მატჩი შესთავაზეს, რომლის გამარჯვებული დომინიკ ტიმი გახდა. საფინალო შეხვედრას მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა. სერბმა უდიდესი პატივისცემა გამოხატა ზვერევისა და ტიმის მიმართ.
"სწორედ ეს არის სპორტი: პატივისცემა, დაფასება და მეგობრობა. დიდი დაპირისპირებისა და გუშინდელი, საოცარი ბრძოლის ფონზე, ორივე მათგანმა კეთილშობილება დაგვანახა და ბევრ მოთამაშეს მაგალითი მისცა. დომი და საშა, მადლობა იმისთვის, რომ თქვენს პიროვნულ თვისებებთან ასე მყარად დგახართ და აფასებთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სიყვარულსა და პატივისცემას. გილოცავთ ამ დიდ მიღწევას და მადლობა შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც საჩოგბურთო სამყაროს აჩუქეთ", - წერს ჯოკოვიჩი.შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი ჩოგბურთელისათვის ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი ასპარეზის ჩემპიონობა, კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტულია, მან რეიტინგში მე-3 პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.