Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფალური დაბრუნება საჩოგბურთო სამყაროში

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
31 წლის სერბი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დამახასიათებელ ფორმას იბრუნებს. მოგეხსენებათ, ნოლემ 2017 წლის უიმბლდონზე იდაყვის უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით 6 თვე გაუცდა. ამ დროისათვის იგი მსოფლიო რეიტინგის მე-5 პოზიციაზე იმყოფებოდა, თუმცა როდესაც სერბი ასპარეზს დაუბრუნდა რეიტინგში ოცეულს მიღმა გახლდათ. თავდაპირველ ტურნირებზე ნოვაკმა არც თუ ისე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, წააგო უამრავი შეხვედრა ორმოცდაათეულს მიღმა მყოფ ჩოგბურთელებთან, ჰქონდა უამრავი უნებლიე შეცდომა, არასტაბილური მოწოდება და რაც მთავარია იგი აღარ გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი ფიზიკური გამძლეობით და მყარი ნერვებით - ფაქტობრივად ჯოკოვიჩი საკუთარ თავს მცირედითაც აღარ ჰგავდა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ურთულესია, როდესაც კარიერის საუკეთესო წლებში ტრავმის გამო სრულიად ვარდები ფორმიდან და ყველაფრის დაწყება ახლიდან გიწევს, თუმცა გენიალურობა სწორედაც ასეთ ფაქტებშია. 31 წლის სერბმა ჩოგბურთელმა მოახერხა საკუთარი თავისთვის მოტივაციის და სტიმულის მიცემა (არაერთხელ უნახავს მაყურებელს მისგან საკუთარი თავისთვის მოტივაციის მიცემა პრესტიჟულ ტურნირებზე შუა მატჩის დროს), სულ უფრო აუმჯობესებდა თითოეულ ტურნირზე მაჩვენებელს, რაც თავის მხრივ მსოფლიო რეიტინგზეც ისახებოდა. 2018 წლის ივლისში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბრწყინვალე ჩოგბურთი უჩვენა სრულიად საჩოგბურთო სამყაროს დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც ბრიტანეთში იმართება და მიიჩნება პრესტიჟულობის მხრივ, ოთხიდან საუკეთესოდ მიიჩნევა.
უიმბლდონზე ნოვაკი სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ვიცნობთ - დამაჯერებელი, სტაბილური, მყარი ნერვების მქონე და რაც მთავარია დაუღლელი. ზედიზედ მოგებული 6 შეხვედრის შემდეგ სპორტის მოყვარულთა ყურადღება ორად გაიყო, ვინაიდან უიმბლდონის ფინალის პარალელურად, ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა. ჩოგბურთის მოყვარულებს ნოლემ დიდი სანახაობა შესთავაზა, დიდი სლემის ფინალში მისი მეტოქე კევინ ანდერსონი გახლდათ, რომელსაც ასევე ძალიან დამაჯერებლად და სანახაობრივად გაუმკლავდა.
ამ ყველაფრის შემდეგ ნოვაკმა რამდენიმე ტურნირზე იუქმა და დასვენებული შეხვდა მორიგ დიდი სლემის ტურნირს, რომელიც აგვისტოში ამერიკაში გაიმართა. არასახარბიელო საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ, სადაც ჯოკოვიჩმა თითო სეტი დათმო შედარებით მარტივ მოწინააღმდეგეებთან, მან მოახერხა და დარჩენილ შეხვედრებში სეტის წაუგებლად მოიპოვა კიდევ ერთი დიდი სლემის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ფინალში მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი ხუან-მარტინ დელ პოტრო გახლდათ. ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგში კიდევ უფრო წინ წაიწია და ახლა მე-3 ჩოგნადაა განთესილი. წინ ლონდონის შემაჯამებელი ტურნირია სადაც მაყურებელი კიდევ ერთ დიდ ტრიუმფს ელის სერბი ჩოგბურთელისგან.  

სხვა სტატიები