ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმეს

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმდა და დეპორტაციის საფრთხის წინაშეა. მანამდე შესაბამისი განცხადება ქვეყნის იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმაც გააკეთა.

“მე შევიტყვე იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება ბატონი ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზასთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ ფრთხილი განხილვის შემდეგ, მინისტრმა მიიღო ქმედება გაეუქმებინა ბატონი ჯოკოვიჩის ვიზა ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის გამო, იმ მოტივით, რომ ეს იყო საზოგადოებრივი ინტერესი.

პანდემია წარმოუდგენლად რთული იყო ყველა ავსტრალიელისთვის, მაგრამ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ სიცოცხლისა და კეთილდღეობის გადასარჩენად. ჩვენ ერთად გავხადეთ ქვეყანა მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონედ, ერთ-ერთ უძლიერესად ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით და ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.

ავსტრალიელებმა პანდემიის დროს ბევრი მსხვერპლი მიიღეს. მათ აქვთ უფლება ელოდნენ, რომ ამ მსხვერპლის შედეგი დაცული იქნება. სწორედ ეს გააკეთა მინისტრმა.

ჩვენმა მკაცრი საზღვრის დაცვის პოლიტიკამ შეინარჩუნა ავსტრალიელების სიცოცხლე კოვიდამდე და ახლაც, პანდემიის დროს.

ვინაიდან სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მეტწილად ავსტრალიელი ხალხის პროტესტმა და უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც სისრულეში მინისტრთა კაბინეტმა მოიყვანა. საყურადღებოა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კიდევ აქვს.

34 წლის სერბი სპორტსმენი ვაქცინირებული არ გახლავთ. იგი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების მოწინააღმდეგეა და მიიჩნევს, რომ ამის იძულებით გაკეთება ადამიანის უფლებების მკაცრი დარღვევაა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის გამარჯვებულია. ამავდროულად ის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და იმ შემთხვევაში თუ ასპარეზობას საერთოდ ვერ შეძლებს, მსოფლიო რეიტინგში ერთბაშად 2,000 ქულას დაკარგავს.

(174)

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმეს

სტატიის ავტორი
-