Belive

პარიზის მასტერსის მეექვსე დღის მიმოხილვა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

შედგა პარიზის მასტერსის ნახევარფინალური მატჩები, გთავაზობთ შეხვედრების მიმოხილვას:

კარენ ხაჩანოვი Vs. დომენიკ ტიმი

მიუხედავად იმისა, რომ კარენ ხაჩანოვი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ასევე შესანიშნავ ფორმაშია, არავინ მოელოდა მისგან პარიზის მასტერსის ფინალში გასვლას. რუსმა ჩოგბურთელმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში მაყურებელს თავი უშეცდომო და ბრწყინვალე ჩოგბურთით დაამახსოვრა. მსოფლიოს მე-5 ნომერ ალექსანდრ ზვერევს მან მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო, ნახევარფინალში კი ავსტრიელ დომენიკ ტიმს არც მეტი, არც ნაკლები საათსა და 12 წუთში, 2 სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:1 გაუსწორდა და ფინალის საგზური გაინაღდა.  

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. როჯერ ფედერერი

2018 წლის ბოლო მასტერსის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ორი ვირტუოზი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდნენ.  საჩოგბურთო სამყარომ გენიალური შეხვედრა იხილა, განსაკუთრებული სიამოვნება იმ მაყურებელმა მიიღო, რომელმაც პარიზში ეს შეხვედრა საკუთარი თვალით იხილა. შეხვედრის პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა, სადაც ნოლემ პირველივე შანსი გამოიყენა და შეხვედრაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე სეტში, 37 წლის მაესტრომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კორტზე გაიბრწყინა. როჯერმა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ანგარიშით 6:5-ზე მეტოქის ჩაწოდება საკუთარ აქტივში ჩაწერა და სეტებში წონასწორობა აღადგინა. მესამე და გადამწყვეტ სეტში, კორტზე მყოფმა ორმა გენიოსმა მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ისინი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელების დაპირისპირებას ესწრებოდნენ - 12 უშეცდომო გეიმი და ისევ ტაი-ბრეიკი. გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკში შვეიცარიელ ჩოგბურთელს ბედმა ზურგი აქცია, ნოლეს კი ხუთმაგ მატჩ-პოინტს ხელიდან ვეღარავინ გამოგლეჯდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6(3), 5:7, 7:6(3) ნოვაკ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. 

პარიზის მასტერსის ფინალი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება სადაც ერთმანეთს კარენ ხაჩანოვი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები