Belive

პარიზის მასტერსის მეხუთე დღის მიმოხილვა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

დასრულდა პარიზის მასტერსის 1/4-ფინალური შეხვედრები, გთავაზობთ თითოეული მატჩის მიმოხილვას:

ზვერევი Vs. ხაჩანოვი 

  პარიზის მასტერსის 1/4-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს კარენ ხაჩანოვი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორითად, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი მიიჩნეოდა. თამაში საათსა და 8 წუთში მოულოდნელი შედეგით დასრულდა - 6:1, 6:2 კარენ ხაჩანოვის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ზვერევმა მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა საკუთარი მოწოდების მოგება. ხაჩანოვი კი მასტერსის ნახევარფინალში გავიდა, რაც რეიტინგში მის დაწინაურებაზე აუცილებლად აისახება.  

სოკი Vs. ტიმი

  შეხვედრა ორ ძალიან საინტერესო მოთამაშეს, ჯეკ სოკსა და დომენიკ ტიმს შორის, ავსტრიელის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი სეტის მოგება ამერიკელმა მოახერხა, მას მეორე სეტის შუაში მეტოქის მოწოდების მოგება შეეძლო, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ მოახერხა, სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტმა "გატეხა" სოკი. 6:4, 4:6, 4:6 - დომენიკ ტიმის სასარგებლოდ.  

ჩილიჩი Vs. ჯოკოვიჩი

  ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი ხნის შემდეგ კორტზე მსოფლიოს პირველი ნომრის სტატუსით წარსდგა, არაოფიციალურად, მაგრამ მომდევნო კვირიდან იგი რეიტინგის სათავეში ოფიციალურადაც გადავა. სერბის მეტოქე მარინ ჩილიჩი გახლდათ, რომელმაც ნოვაკს საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწია. შეხვედრის პირველი სეტი მარინ ჩილიჩმა მოიგო, ანგარიშით - 6:4. მეორე და მესამე სეტში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატ ჩოგბურთელს არანაირი შანსი არ მისცა, შესაბამისად ნოლე ნახევარფინალში გავიდა. საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 2:6, 3:6 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.  

ფედერერი Vs. ნიშიკორი

როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ როჯერი ყოველ შეხვედრაში უფრო ამტკიცებს, რომ მისი ასაკი მხოლოდ ციფრებია. მან კეი ნიშიკორის წინააღმდეგაც გაიბრწყინა და შეხვედრა 2 სეტში, თითო-თითო ბრეიკის ხარჯზე, ანგარიშით - 6:4, 6:4 მოიგო.  

პარიზის მასტერსის ნახევარფინალური შეხვედრები:

ხაჩანოვი Vs. ტიმი

ჯოკოვიჩი Vs. ფედერერი

სხვა სტატიები