Belive

პარიზის მასტერსის ფინალი (ჯოკოვიჩი-ხაჩანოვი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

დასრულდა პარიზის მასტერსის ფინალური დაპირისპირება, გთავაზობთ შეხვედრის მიმოხილვას: 

კარენ ხაჩანოვი Vs. ნოვაკ ჯოკოვიჩი 

მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერმა კარენ ხაჩანოვმა კარიერის საუკეთესო წელი წარმოუდგენლად დიდი მიღწევით დააგვირგვინა - იგი პარიზის მასტერსის ტრიუმფატორია! შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ხაჩანოვმა დაამტკიცა, რომ არასწორია უწოდო ნაადრევი ფინალი ჯოკოვიჩისა და ფედერერის ნახევარფინალურ შეხვედრას, ვინაიდან ხაჩანოვის სახით თითოეულ მათგანს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ელოდა. პარიზის მასტერსის ფინალის უპირობო ფავორიტად სპეციალისტებმა ნოვაკ ჯოკოვიჩი მიიჩნიეს. პირველ სეტში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბრეიკის უპირატესობა მალევე მოიპოვა, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა წონასწორობის აღდგენა უმალვე შეძლო, საბოლოოდ კი ხაჩანოვმა ბრეიკი ყველაზე მნიშვნელოვან მომეტში გააკეთა და სეტებშიც დაწინაურდა. მეორე სეტში პუბლიკა ძალიან მოტივირებულ ჯოკოვიჩს ელოდა, თუმცა ნოლემ ამ შემთხვევაშიც ვერაფერი გააწყო რუსი მეტოქის წინააღმდეგ. რიგით მეორე საკუთარი მოწოდება ჯოკოვიჩმა მეტოქესთან წააგო, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, ვინაიდან მეტი ბრეიკი აღარ შესრულებულა. მომავალი კვირიდან კარენ ხაჩანოვი 1000 სარეიტინგო ქულით დაწინაურდება და მსოფლიო რეიტინგის მე-11 საფეხურზე გადაინაცვლებს, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი ოფიციალურად რეიტინგის სათავეში მოექცევა. პარიზის მასტერსის ჩემპიონობისათვის კარენ ხაჩანოვი 973 480 ამერიკულ დოლარს მიიღებს. გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას:
 

სხვა სტატიები