Belive

ფედერერი და ნადალი საზოგადოებას რჩეულ სერიალებსა და ფილმებს უზიარებენ

3 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო კვლავ განუსაზღვრელი დროითაა შეჩერებული სპორტის სახეობები. ცხადია, საჩობურთო ღონისძიებებიც Covid-19-ის ერთგვარი "მსხვერპლი" აღმოჩნდა, რის გამოც სპორტული ჟურნალისტებიც და თავად სპორტსმენებიც გარკვეულწილად არასპორტული თემებით დაინტერესდნენ. მოგეხსენებათ, რომ ტურნირების განსხვავებული ლოკაციებიდან გამომდინარე ჩოგბურთელებს ძალიან ხშირად უწევთ მოგზაურობა, თვითმფრინავსა თუ სასტუმროში უქმედ ყოფნის დროს კი მეტწილად სერიალებისა და ფილმების ყურებაში ატარებენ. The Sun-მა გადაწყვიტა გაერკვია მსოფლიო ჩოგბურთის ორი ლეგენდარული მოთამაშის, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის, რჩეული სერიალები და ფილმები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული ორივე ჩოგბურთელი აქტიურადაა ჩაბმული, ისევე როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მისგან დაზარალებული და კრიზისში მყოფი საზოგადოების დახმარებაში. ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი საყვარელი სერიალის დასახელებისას მხოლოდ ერთ კონკრეტულს ვერ გამოჰყოფს, მაესტრომ მისი რჩეული ორი სერიალი დაასახელა:

დაკარგულები / Lost 


გაქცევა / Prison break


შვეიცარიელი მაესტროს თქმით მის მიერ გამოყოფილი ორივე სერიალის ტელე-ეკრანიზაცია იდენტურ დროს მოხდა (დაკარგულები 2004, გაქცევა 2005), რის გამოც მისი "გული და ყურადღება ორად გაიყო", განსხვავებით საზოგადოების დიდი ნაწილისაგან, რომელიც აღნიშნულ სერიალებს შორის, რატომღაც რომელიმე ერთს ირჩევდა. რაც შეეხება როჯერის საყვარელ ფილმს, ამ შემთხვევაში მან ერთი კონკრეტული მათგანი დაასახელა.

ჭკვიანი უილ ჰანტინგი / Good Will Hunting 

"ეს არის ფილმი, რომელმაც ჩემზე საკმაოდ დიდი და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ ჭკვიანი უილ ჰანტინგი ყველამ უნდა ნახოს", - აცხადებს ფედერერი.
როჯერ ფედერერის მსგავსად რაფაელ ნადალმაც ფავორიტად ორი სერიალი დაასახელა, თუმცა მან უპირობოდ გამოჰყო ერთ-ერთი მათგანი.

სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones

"სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ფანი" საკუთარი თავი მგონია, მეტსაც გეტყვით, ჩემი სურვილია, რომ ვესტეროსის მმართველი მე გახლდეთ", - აცხადებს ნადალი.

ნარკოსი / Narcos 


რაც შეეხება საყვარელ ფილმს, ამ შემთხვევაში ესპანელმა მატადორმა, განსხვავებით ფედერერისაგან, ერთის ნაცვლად ორი "შედევრი" დაასახელა.

გლადიატორი / Gladiator 


ნათლია / The Godfather 


"გლადიატორიც და ნათლიაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმებად მიმაჩნია. მიხარია, რომ ეს არამხოლოდ ჩემი აზრია და კინემატოგრაფიის ისტორიაში მათ უდიდესი კვალი დატოვეს", - განაცხადა ნადალმა.
ამრიგად, ასეთია როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რჩეული ფილმებისა და სერიალების ნაკრები. აღსანიშნავია, რომ სპორტული კუთხით თავისუფალ პერიოდში ფედერერი და ნადალი ერთმანეთს "ინსტაგრამის ლაივის" საშუალებით ესაუბრებიან, სადაც არაერთ საინტერესო თემას განიხილავენ.  

სხვა სტატიები