Belive

ყველაფერი, რაც ჰამბურგის ტურნირის დასრულების შემდეგ უნდა ვიცოდეთ

4 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
ჰამბურგის ტურნირი 13-დან ერთ-ერთია, რომელიც საჩოგბურთო სამყაროში 500-ქულიან ასპარეზადაა შეფასებული. ამასთან, 2019 წლიდან ჰამბურგის ტურნირს ევროპის ღია პირველობის წოდებაც შეემატა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, საკმაოდ წარუმატებელი 2019 წლის სეზონის შემდეგ, ნიკასგან ტიტულის დაცვა ნაკლებად წარმოსადგენი იყო, თუმცა მან ჰამბურგის ტურნირზე პირველობის მოპოვება ღირსეულად, შესანიშნავად, ბრწყინვალედ შეძლო (და კიდევ უამრავი დიდებული ეპითეტით შეგვიძლია შევამკოთ მისი გერმანული ასპარეზი). გასულ წელს ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე საკვალიფიკაციო (!) ეტაპის წყალობით აღმოჩნდა, ახლა კი მას გერმანიაში ზედიზედ 12 შეხვედრა აქვს მოგებული (!), განსაკუთრებულად აღსანიშნავია ნიკას ნახევარფინალური ეტაპი ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ, რომელიც მშობლიურ ქალაქში ასპარეზობდა და მაყურებლის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა. ზვერევს 2 მატჩ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ნიკამ დამაჯერებლად გადაარჩინა, შემდეგ კი გერმანელი შეხვედრის მოსაგებადაც აწვდიდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთხელ შეძლო პუბლიკის გაოგნება და გარდამტეხ მომენტში ბრეიკი გააკეთა. ამ ყველაფრის შემდეგ ნიკა ტაი-ბრეიკზე ანგარიშით - 5:2-ს მარცხდებოდა, თუმცა მან მიჯრით 5 ქულა მოიპოვა და საფინალო საგზურიც გაინაღდა, შესაბამისად მხოლოდ ეს შეხვედრა ღირს იმად, რომ ნიკას ღირსეული ჩემპიონი დაერქვას.

ბასილაშვილი Vs. ზვერევი (მიმოხილვა)

  ტურნირის საპრიზო ფონდი - 1 718 170 ევრო გამარჯვებული (ნიკოლოზ ბასილაშვილი) - 354 845 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა ფინალისტი (ანდრეი რუბლევი) - 178 220 ევრო და 300 სარეიტინგო ქულა  ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ჩოგბურთელია 2005 წლის შემდეგ, რომელმაც ჰამბურგში მოპოვებული ტიტულის დაცვა მოახერხა, აქამდე ეს ყოველივე გენიალურ როჯერ ფედერერს ჰქონდა გაკეთებული. რეიტინგში ნიკოლოზს ამ გამარჯვებით წინ არ წაუწევია, ვინაიდან მას არცერთი ქულა არ დაემატა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ისევ ჩვენს ხელთაა, ნიკა მსოფლიოს მე-16 ჩოგნის წოდებას ატარებს. ეს ნიკასთვის კარიერის განმავლობაში მე-3 ტიტულია. შეგახსენებთ, რომ სამივე ტიტული, რომელიც ნიკას აქვს მოპოვებული 500-ქულიანი ტურნირია. მომდევნო ტურნირი, რომელიც ქართველი ჩოგბურთელისათვის ისევ და ისევ უდიდესი გამოწვევა იქნება პეკინში, 30 სექტემბერს აიღებს სტარტს.  

სხვა სტატიები