Belive

რა მოხდება როლან გაროსზე?!

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ ფაქტობრივად ყველანაირი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიება დროებით შეაჩერა, ან საერთოდაც გააუქმა - მათ შორისაა არაერთი საჩოგბურთო ტურნირიც. საფრანგეთის ღია პირველობა ერთადერთი თიხის-საფარიანი დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ყოველწლიური საჩოგბურთო ტურნირების ცხრილშია გამწესებული. როლან გაროსის მასპინძელი ქალაქი საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზია. წლეულს, მსგავსად სხვა ტურნირებისა, კორონავირუსის გამო როლან გაროსიც დადგა გაუქმების საფრთხის წინაშე, თუმცა ორგანიზატორებმა 2020 წლის საფრანგეთის ღია პირველობა, გაუქმების ნაცვლად რამდენიმე თვით გადადეს. "ვფიქრობთ, რომ ტურნირის გაუქმება როგორც ჩოგბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს გულს დაწყვეტს, სწორედ ამიტომ ოპტიმალურ გამოსავლად მისი რამდენიმე თვით, კორონავირუსის პანდემიის ჩაცხრომამდე გადადება მოვიაზრეთ", - განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ახლახანს Eurosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ღია პირველობას მორიგი საფრთხე დაემუქრა - ტურნირის მესვეურები ახალი თარიღის მიუხედავად, ფრანგული ტურნეს უმაყურებლოდ ჩატარებას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ უიმბლდონის გაუქმების ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ არაერთმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ ცარიელი კორტების წინაშე არ ითამაშებდა - ასევე, როლან გაროსის ორგანიზატორებმა ტურნირის ვადის გადაწევის ერთ-ერთ მიზეზად უმაყურებლო კორტების პრობლემაც დაასახელეს, თუმცა როგორც ხედავთ საკითხი კვლავ დღის წესრიგშია.
Imago 20180610
გამომდინარე იქედან, რომ ინფორმაცია უახლესია, ამ ეტაპისათვის არცერთ ჩოგბურთელს საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია. "მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ ტურნირი ჩვეულ რეჟიმში ჩატარებულიყო, ვფიქრობთ არსებული მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მრავალრიცხოვანი კორტების შევსება, ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გავრისკოთ. ტურნირი ჩატარდება, თუმცა მაყურებლის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა და ოფიციალურად არაფერი გადაწყვეტილა"  "ტურნირი ან 20 ან 27 სექტემბერს დაიწყება, მეტს არ გადაიწევს", - განაცხადეს ორგანიზატორებმა. შეგახსენებეთ, რომ როლან გაროსის ახალი თარიღი ტურნირის მაისის ნაცვლად სექტემბრის ბოლოს დაწყებას გულისხმობს. ამჟამინდელი ცნობით საფრანგეთის ღია პირველობა 20 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.

სხვა სტატიები