რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია

საჩოგბურთო სამყაროში 2020 წლის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირი, რომელიც არა ამერიკის ღია პირველობა, არამედ როლან გაროსი გახლდათ, დასრულდა – ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში სატურნირო ბადე სრულიად გადასხვაფერდა და ტურნირების ვადებიც შეიცვალა.

2-კვირიანმა პარიზულმა ასპარეზმა ჩოგბურთის მოყვარულებს ძალიან დიდი სიამოვნება მიანიჭა, იყო სანახაობრივი მატჩების სერიებიც და სენსაციებიც, თუმცა ტურნირის მოსაგებ რელსზე ორი ტიტანი შეუპოვრად იდგა, ტიტანების გზა ფინალში გადაიკვეთა, სადაც როლან გაროსის მეფედ შერაცხულმა ჩოგბურთელმა აღნიშნული ტურნირი მეცამეტედ მოიგო – ეს 34 წლის ესპანელი, რაფაელ ნადალია.


რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია 1


საფინალო შეხვედრაში ესპანელი მატადორი მსოფლიო რეიტინგის მოქმედი ლიდერის, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ასპარეზობდა, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრაში 2020 წელს მარცხი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ამერიკის ღია პირველობაზე მის დისკვალიფიცირებას. ფინალური მატჩის პირველ სეტში ჯოკოვიჩი ნოკდაუნში აღმოჩნდა, მან საოცარი სპორტული სეზონის მიწურულს, დიდი სლემის საფინალო შეხვედრის პირველი სეტი მშრალად, 0-ზე წააგო.

სერბი ჩოგბურთელი ნოკდაუნიდან გამოსვლას მეორე სეტში შეეცადა, თუმცა რაფამ მას მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მესამე სეტს ჩოგბურთელები მხოლოდ 14 გეიმის ჩატარების შემდგომ შეუდგნენ.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე სეტში რაფაელ ნადალმა მეტოქეს ტაი-ბრეიკის შანსიც არ მისცა და ისედაც შოკირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი საბოლოოდ “დაანოკაუტა”.

6:0; 6:2; 7:5 – სწორედ ამ ანგარიშით, 2 საათსა და 43 წუთში, გაანადგურა საფრანგეთისა და ზოგადად თიხნარის მეფემ, რაფაელ ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი.

რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია 2

ნოვაკ ჯოკოვიჩი – მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

“დღეს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ჩემზე უკეთესად მოთამაშე ჩოგბურთელის წინააღმდეგ დავმარცხდი. რაფას ვულოცავ გამარჯვებას”, – განაცხადა ჯოკოვიჩმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

საფრანგეთის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალი პირველად 2005 წლის საშეჯიბრო ასპარეზზე წარსდგა, სადაც მისი დებიუტი ჩემპიონობით დასრულდა მაშინ, როცა ტურნირზე ფენომენალური და უკვე შემდგარი, იმ დროის პირველი ნომერი, როჯერ ფედერერი ასპარეზობდა და არამხოლოდ, შვეიცარიელის გარდა ტურნირზე მარატ საფინი, ენდი როდიკი, კარლოს მოია, ტიმ ჰენმანი, ივან ლუბიჩიჩი, ანდრე აგასი და სხვა ბრწყინვალე ჩოგბურთელები იღებდნენ მონაწილეობას – 18 წლის ნადალი კი მათ შორის საუკეთესო იყო.

2005 წლიდან ნადალმა მხოლოდ 3-ჯერ (2009; 2015; 2016) ვერ მოახერხა როლან გაროსის მოგება, აქედან ერთ შემთხვევაში ტურნირზე მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

ერთი კონკრეტული დიდი სლემის ტურნირის 13-ჯერ მოგება – ეს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია, რომლის გამეორებასა და გაუმჯობესებას შეძლებს თუ არა ვინმე საკმაოდ დიდი ბურუსითაა მოცული, ობიქეტური შეფასებით, ყოველივე ეს, ურთულესი იქნება.


100 გამარჯვება და 2 მარცხი – ასეთია რაფაელ ნადალის ბალანსი როლან გაროსზე


რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია 3

მრავალწლიანი როლან გაროსის ტრიუმფატორობის შემდეგ პირველი ტურნირი, რომელიც რაფამ მოიგო 2008 წლის უიმბლდონია, აღნიშნული ტურნირი რაფამ კიდევ ერთხელ 2010 წელს მოიგო.


რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია 4

2009 წელს პირველად და ამ დრომდე უკანასკნელად, ნადალი იგებს ავსტრალიის ღია პირველობას.


 

რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია 5

2019 წელი – ნადალი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონობას ზეიმობს. 2010, 2013, 2017 და 2019 წლებში ესპანელი მატადორი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.


ნადალის მიერ მოგებული დიდი სლემის ტურნირები: 

ავსტრალიის ღია პირველობა – 2009

საფრანგეთის ღია პირველობა – 2005; 2006; 2007; 2008; 2010; 2011; 2012; 2013; 2014; 2017; 2018; 2019; 2020

უიმბლდონი – 2008; 2010

ამერიკის ღია პირველობა – 2010; 2013; 2017; 2019


ნადალის მიერ გამომუშავებული თანხა (მოცემულია მხოლოდ საჩოგბურთო კარიერით გამომუშავებული თანხა, სასპონსორო ხელშეკრულებების გარეშე) – $122,905,214


ზემოთჩამოთვლილი დიდი სლემის ტურნირების რაოდენობამ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის აქტივში შედის, 20-ს მიაღწია, რაც ლეგენდარული როჯერ ფედერერის მაჩვენებელს უტოლდება. შესაბამისად ფედერერის საკუთრებაში მყოფი რეკორდი დღეიდან საზიაროა – ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალრეიტინგული და პრესტიჟული ტურნირების რაოდენობით საჩოგბურთო სამყაროს სათავეში რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი მოექცნენ.

 

View this post on Instagram

 

Who will end top of the Grand Slam pile? 🏆 . #tennis #tennistv #sport #instasport

A post shared by Tennis TV (@tennistv) on

რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, ჯამში მან პლანეტის პირველი ნომერის პოზიციაზე 209 კვირა გაატარა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ესპანელ “თიხის მეფეს” წინ კიდევ ძალიან ბევრი ტურნირი ელოდება, რაც ყველაზე მთავარია პირველივე შესაძლებლობისთანავე ნადალი ATP-ის ეგიდით მეათასე შეხვედრის მოგებას შეეცდება (999 მოგება – 201 წაგება) …

(406)

რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია

სტატიის ავტორი
-