Belive

როგორ გამოეხმაურნენ ჩოგბურთის ქომაგები ბასილაშვილის ფედერერთან გამარჯვებას Twitter-ზე

3 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის მესამე ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და როჯერ ფედერერის მატჩი გაიმართა. ეს შეხვედრა ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტროსათვის 1-წელზე მეტხნიანი უქმობის შემდეგ რიგით მეორე ოფიციალური მატჩი გახლდათ, პირველ ჯერზე როჯერმა დანიელ ევანსს სძლია, თუმცა ქართული ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელის დამარცხება, ამ შემთხვევაში მის ძალებს აღემატებოდა. აღნიშნული შეხვედრის მოულოდნელმა დასასრულმა ჩოგბურთის უცხოელი ქომაგები აღაფრთოვანა, რიგ შემთხვევებში აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. გთავაზობთ უცხოელი გულშემატკივრების კომენტარებს:
"ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო განაჩენს ელოდება, დიდი ფსიქოლოგიური წნეხი დაძლია, მოახერხა და დაამარცხა როჯერ ფედერერი. არც კი ვიცოდი თუ ის საერთოდ პრო ტურში ასპარეზობას ამჟამადაც განაგრძობდა"
"ფედერერის თამაში ბევრ კითხვის ნიშნებს ჰბადებს, ახლა მას სჭირდება, რომ დაბრუნდეს და გაიგოს თუ აქვს საკმარისი ძალა იმისათვის, რომ ისეთივე სრულფასოვანი დაუბრუნდეს კორტს, როგორსაც მისი გულშემატკივარი იცნობს"
"ბასილაშვილმა იმაზე მეტი მატჩი მოიგო დოჰაში, ვიდრე გასულ წელს, როდესაც მხოლოდ 2 თამაში დაასრულა წარმატებით - თუმცა მან ლეგენდა დაამარცხა"
"დაუჯერებელია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა, თანაც როდის? მაშინ, როდესაც 2020 წლიდან დღემდე, მხოლოდ 4 თამაში ჰქონდა მოგებული უამრავი მარცხის საპირისპიროდ"
"ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ თავში უდიდესი ძალა იპოვა, ბრავო, ეს ბიჭი მხოლოდ ქებას იმსახურებს"
"ბასილაშვილი მსოფლიო ჩოგბურთის ეპიცენტრში მოექცა, ვინც აქამდე არ იცნობდა, ყველამ გაიცნო"
"უდიდესი მენტალური მზაობა სჭირდება ფედერერის დამარცხებას, პატივისცემა ბასილაშვილს"
"როჯერ არ დანებდე! დაგვიბრუნდი ისეთი, როგორიც ათწლეულების მანძილზე იყავი! შენ დანებება არ გჩვევია, შესაბამისად შენი გულშემატკივრები კვლავ გელოდებით კორტზე, ჩვენ მზად ვართ, ჯერ შენზეა!"
"თუ ბასილაშვილი ამ ტურნირს მთლიანად მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ მას 3-ჯერ 500-ქულიანი ტურნირი აქვს მოგებული და ეს ტურნირი 250-ქულიანია, ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება!"
"ასეთი ფედერერის დამარცხება ბევრ ჩოგბურთელს შეეძლო, გაუმართლა ბასილაშვილს, რომ სწორედ ის აღმოჩნდა ფედერერის ოპონენტი"
შეხვედრის მიმოხილვის სანახავად დააჭირეთ აქ.

სხვა სტატიები