Belive

როგორ იქმნებოდა ლეგენდა - "მხიარული როჯერის" კარიერის გამორჩეული მომენტები

5 წლის წინ ჩოგბურთი
9 წთ
1981 წლის 8 აგვისტო ერთი უბრალო, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იყო. შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელ ცოლ-ქმარს მეორე და უკანასკნელი შვილი, ნანატრი ვაჟი - როჯერი შეეძინათ. როჯერი ბაზელის გარეუბანში, კონკრეტულად მიუნხენშტაინში იზრდებოდა. 8 წლის ასაკში მშობლებმა მისი ჩოგბურთზე შეყვანა გადაწყვიტეს. პირველი მწვრთნელი პატარა ჩოგბურთელის მონაცემებით აღფრთოვანებული გახლდათ. მიუნხენშტაინში მოსახლეობა გერმანულად საუბრობდა, ფედერერიც არ იყო გამონაკლისი, თუმცა ჩოგბურთის გამო მას შვეიცარიის ისეთ რეგიონში მოუწია გადასვლა, სადაც ფრანგულად საუბრობდნენ. პატარა ჩოგბურთელს უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მოუწია, ვინაიდან ენობრივი ბარიერის გამო მას მეგობრები დასცინოდნენ, თუმცა მან ეს ყოველივეც მალევე დაძლია. შვეიცარიელს იმ დროისათვის პიტერ კარტერი წვრთნიდა, რომელიც 2002 წელს ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ფედერერის დამოკიდებულება მწვრთნელებისადმი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია: როცა ამ საკითხზე ესაუბრებიან ის მუდმივად აღნიშნავს, რომ თითოეული მწვრთნელისგან არამხოლოდ თამაშს, არამედ ადამიანობას და ცხოვრების სხვადასხვა კუთხით დანახვასაც სწავლობდა - ამ ყველაფრის ნათელი დასტური მისი უკანასკნელი ინტერვიუ გახლდათ, რომელშიც მან პიტერ კარტერის გახსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა.
  დავუბრუნდეთ მის აწ უკვე ლეგენდარულ საჩოგბურთო კარიერას - 1998 წელს უიმბლდონის იუნიორთა თანრიგში მსოფლიოს ყურადღება 17 წლის შვეიცარიელმა მოთამაშემ მიიპყრო, ვინაიდან ის შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. ამავე წლის დიდი სლემის ტურნირებში აღსანიშნავია, რომ მან ამერიკის ღია პირველობის ფინალამდე და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ ეტაპამდე გასვლა მოახერხა. ასევე 1998 წელს როჯერმა მაიამისა და ფლორიდის ტურნირების წარმატებით დასრულებაც შეძლო და წლის ბოლოს იუნიორთა რეიტინგის სათავეშიც მოექცა. 1999 წელს შვეიცარიელი 18 წლისა და 4 თვის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი იყო, ვინც საერთო რეიტინგის ასეულში შესვლა მოახერხა. 2000 წელს როჯერი შვეიცარიული ჩოგბურთის რიგით მეორე ნომერი გახდა, შესაბამისად მან საკუთარი ქვეყნის სახელით ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვისაც იბრძოლა, თუმცა დამარცხდა. ნელ-ნელა საჩოგბურთო სამყაროსთვის როჯერ ფედერერი კარგად ნაცნობი სახელი და გვარი ხდებოდა, თუმცა 2001 წელს უიმბლდონის მეოთხე რაუნდში შვეიცარიელმა მაყურებელს ძალიან მკაცრად და მკაფიოდ დაამახსოვრებინა საკუთარი თავი: გამომდინარე იქედან, რომ მან უიმბლდონზე ლეგენდარულ პიტ სამპრასს 31-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.
  2001 წელს შვეიცარიელმა პროფესიონალურ ტურში პირველი ტიტული მოიპოვა, ეს მოხდა - იტალიაში, კერძოდ მილანის 250-ქულიან ტურნირზე. ამავე წელს მან წყვილთა თანრიგშიც მარატ საფინთან ერთად პირველი ჩემპიონობა იზეიმა. 2002 წელს ვენის, ჰამბურგისა და სიდნეის ტურნირების გამარჯვების შემდეგ ფედერერი რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. 2003 წელს კი მან პირველი დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის, საჩემპიონო თასის აღმართვა მოახერხა, რომელიც მიჯრით 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში გაიმეორა. შვეიცარიელის კარიერისა და ტიტულების დეტალური განხილვა ერთ დიდ წიგნად შეიძლება გამოიცეს. მან საჩოგბურთო სამყაროში "გადატრიალება" უამრავი კუთხით მოახდინა. როჯერ ფედერერის "ბექჰენდი", ისევე როგორც პანენკას მიერ შესრულებული პენალტი, ცალკე მდგომი ხელოვნების ნიმუშია. გამჭოლი, სწრაფი და ზუსტი - სამი მარტივი სიტყვით შეაფასა როჯერის „ბექჰენდი“ ლეგენდარულმა პიტ სამპრასმა. ჩოგბურთის კრიტიკოსები და ანტი-როჯერისტებიც ვერ ახერხებდნენ მისი თამაშის სტილისადმი ცუდი არგუმენტის მოყვანას. 2004 წლის 2 თებერვალს როჯერ ფედერერი მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერი უკვე ოფიციალურად გახდა. შვეიცარიელი სტატისტიკურად მსოფლიოს პირველი ნომერი შეუცვლელად ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ. ამ დროისათვის მაყურებლის აღფრთოვანებას საზღვარი აღარ ჰქონდა. როჯერ ფედერერის დაპირისპირებას ისეთ ლეგენდარულ ჩოგბურთელებთან, როგორებიც ანდრე აგასი, ენდი როდიკი, პიტ სამპრასი და სხვები არიან, ჩოგბურთის მოყვარულები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ზეიმად აღიქვამდნენ. თითოეულ მათგანთან როჯერს დადებითი ბალანსი აქვს დაფიქსირებული. სპორტული კრიტიკოსების აზრით, ფედერერის ეპოქის დასასრულებლად ჩოგბურთს ესპანელი „მატადორი“ - რაფაელ ნადალი მოევლინა, რამდენად მოახერხა მან შვეიცარიელის დაჯაბნა, საჯაროდ ამის დაფიქსირებას არავის ვურჩევდი. შესაბამისად მეც თავს შევიკავებ. სწორედ რაფაელ ნადალი გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც 5-წლიანი წარმატებული სვლის შემდეგ 2008 წელს ფედერერს უიმბლდონის ტურნირზე ფინალური მატჩი მოუგო. ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა.
  2008 წელს ფედერერმა ოლიმპიადის მოგებაც მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერ ფედერერს 2009 წლამდე ოთხივე დიდი სლემის ტიტული არ ჰქონდა მოპოვებული მან ეს ბარიერიც დაძლია, შესაბამისად მის აქტივში როლან გაროსის მოგებაც შევიდა, რომლის გამარჯვებული მუდმივ რეჟიმში თიხის მეფე - რაფაელ ნადალი ხდებოდა. თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი გახლდათ ნოვაკ ჯოკოვიჩის 2011 წელს ჩადენილი საოცრება, მიჯრით მოგებული 41 შეხვედრა - ვინ შეძლებდა მის შეჩერებას თუ არა როჯერი?! დიახ, ეს ასეც მოხდა როლან გაროსის ნახევარფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელმა ჯოკოვიჩის ბრწყინვალე სვლას, დიდი შრომის ფასად, თუმცა წერტილი დაუსვა.
  ამ ეტაპისთვის ფედერერის აქტივში 20 დიდი სლემის ტიტულია, რაც არსებობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკანასკნელი სლემის მოგება ფედერერმა 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მოახერხა.
  როჯერი ასევე ქველმოქმედებითაც სერიოზულადაა დაკავებული. მისი საქველმოქმედო ფონდის მთავარ მიზანს, მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა კეთილდღეობა წარმოადგენს. ფონდის უპრინციპულესი საზრუნავია, ბავშვებისათვის განათლების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მინიჭება - მათთვის იდეალური პირობების შექმნა. როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდი თანამშრომლობს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებთან, როგორიცაა: Credis Suisse, Rolex, The Starbucks Foundation, Golf for Africa, ATP World Tour და სხვა. როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდი, მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან - რათა ერთობლივი ძალებით, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მიეცეს სრულფასოვანი განათლების შესაძლებლობა, გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში და მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. შვეიცარიელს "მხიარულ როჯერსაც" ეძახიან ამ ყველაფერს მრავალი ფაქტი ადასტურებს, ერთი შემთხვევა კი ნამდვილად განსაკუთრებულია:
  როჯერის კარიერას ვერანაირი ვიდეო ვერ დაიტევს, თუმცა მისი სტილი და ხასიათი შეძლებისდაგვარად ერთ ვიდეოშია მოქცეული:
  აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სტატისტიკურად როჯერ ფედერერს ჩატარებული შეხვედრების 82% შემთხვევაში გამარჯვება აქვს მოპოვებული უფრო ზუსტი მაჩვენებელი ასეთია - 1188 მოგება 261 მარცხის წილ. როჯერ ფედერერს მაყურებელმა შესანიშნავი ზედმეტადსახელი - "მაესტრო" შეურჩია. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ფედერერს შეუძლია შექმნას, ამ სიტყვის ხელოვნებისეული მნიშვნელობით, რაღაც ისეთი, რასაც ვერ შეძლებს ვერცერთი სხვა ჩოგბურთელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთის გენიოსია - მხატვარი და ნამდვილი ხელოვანი. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია მიუხედავად ზოგ ჩოგბურთელთან უარყოფითი ბალანსისა და წაგებული თამაშისა! 1981 წლის 8 აგვისტო დიდებული, ისტორიული და გამორჩეული დღე იყო - შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელ ცოლ-ქმარს რობერტ ფედერერსა და ლინეტ დურანდს მეორე და უკანასკნელი შვილი, ნანატრი ვაჟი - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, ფენომენალური ტიტანი - როჯერი ფედერერი შეეძინათ, რომელმაც 37 წლის შემდეგ კარიერის მეასე ტიტულის მოსაპოვებლად დუბაის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში საკუთარი გულშემატკივარი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა...    

სხვა სტატიები