Belive

როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
გრძელდება ამერიკის ღია პირველობა, სადაც მერვედფინალურ ეტაპზე ჩოგბურთის ლეგენდა, მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი როჯერ ფედერერი დამარცხდა. მაესტრო მსოფლიო რეიტინგის 55-ე ნომერ ჯონ მილმანს ხვდებოდა, რომელთანაც სენსაციური მარცხი განიცადა. პირველი სეტის მეორე გეიმში როჯერმა ავსტრალიელ ჩოგბურთელს ბრეიკი გაუკეთა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად ანგარიშით 6:3. მეორე სეტში ფედერერმა ისევ მოიპოვა უპირატესობა, ანგარიშით 5:4-ზე საკუთარ მოწოდებაზე 40:15-ზე 2-მაგი სეტ-პოინტიც კი ჰქონდა, მაგრამ მიჯრით წაგებულმა სამმა გეიმმა როჯერს სეტი დაათმობინა ანგარიშით 5:7. მესამე სეტის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკის შანსი როჯერს პირველ გეიმში ჰქონდა, რომლის რეალიზებაც ვერ მოახდინა. მას შემდეგ ბრეიკი არცერთ ჩოგბურთელს არ შეუსრულებია და სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა. ტაიბრეიკზე როჯერს კიდევ ერთხელ ჰქონდა სეტ-პოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა და მილმანის უშეცდომო თამაშმა მაესტროს მეტი შანსი აღარ მისცა - ტაიბრეიკის ავსტრალიელის სასარგებლოდ დასრულდა. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა არც მეოთხე სეტში დაარღვია მატჩის მიმდინარეობის სპეციფიკა, შეასრულა რა მეექვსე გეიმში ბრეიკი, დაწინაურდა ანგარიშით 2:4, თუმცა უმალვე აღადგინა წონასწორობა ჯონ მილმანმა. დარჩენილი გეიმები ჩოგბურთელებმა უშეცდომოდ ჩაატარეს, მოიპოვეს საკუთარი მოწოდებები და შეხვედრაში მეორე ტაიბრეიკი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ავსტრალიელი ჯონ მილმანი გამოდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამერიკის ღია პირველობას ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა როჯერ ფედერერი დაემშვიდობა. საქებარი სიტყვების გარდა ვერაფრით შევამკობთ მაესტროს დამმარცხებელ ჯონ მილმანს, რომლის შემდეგი მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

სხვა სტატიები