Belive

როჯერ ფედერერი Vs. ნიკოლოზ ბასილაშვილი (პრევიუ)

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
2020 წლის საწყისი პერიოდის შემდეგ როჯერ ფედერერის ქომაგებს თავიანთი რჩეულის კორტზე ოფიციალურ მატჩში ხილვის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ლეგენდარული შვეიცარიელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩში, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე დაბრუნდა, სადაც მისი მეტოქე დანიელ ევანსი გახლდათ. ფედერერისა და ევანსის შეხვედრა დრამატულად წარიმართა, სადაც საბოლოოდ 3-სეტში 39 წლის როჯერმა იმარჯვა. მომდევნო ეტაპზე ფედერერის მეტოქე ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება, რომელმაც დოჰას ტურნირზე საწყისი ორი რაუნდი წარმატებით დაძლია, მან ჯერ ჯონ მილმანი, შემდეგ კი მალეკ ჯაზირი დაამარცხა. ფედერერი დიდხნიანი უქმობის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. ევანსთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს საკმაოდ კარგი შანსი ექნება, რომ აქტივში ისტორიული გამარჯვება ჩაიწეროს. აქამდე ფედერერისა და ნიკოლოზის გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა, ეს იყო ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც "მაესტრომ" ქართველი ჩოგბურთელი 3-სეტში, 6:2, 6:1, 6:2 დაამარცხა. არგასაკვირია, რომ ექსპერტებმა, 20-გზის დიდი სლემის ტიტულების გამარჯვებული როჯერი, ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ ფავორიტად მიიჩნიეს.

ბასილაშვილი წარუმატებელი პერიოდის შემდეგ დოჰას ტურნირზე ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მის გულშემატკივარს ერთიორად უფრო აიმედებს. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა რეიტინგის TOP 50-ში მყოფი ჩოგბურთელის წინააღმდეგ 2-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად სწორედ დოჰაში, მილმანის წინააღმდეგ იმარჯვა. ამ ჭრილში, ქართველს ბოლოს გამარჯვება 2019 წლის 8 ოქტომბერს, ბენუა პერისთან ჰქონდა. ბასილაშვილისა და ფედერერის დაპირისპირება 11 მარტს, თბილისის დროით 19:25 საათზეა ჩანიშნული.  

სხვა სტატიები