Belive

როჯერ ფედერერი Vs. რაფაელ ნადალი (პრევიუ)

4 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
2019 წლის 7 ივნისს სრულიად საჩოგბურთო სამყარო სულმოუთმენლად ელოდება, ამის მიზეზი კი ჩოგბურთის "ელ კლასიკოა", ერთმანეთის პირისპირ ორი ფენომენი, ორი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი ანუ ესპანელი მატადორი და როჯერ ფედერერი ანუ შვეიცარიელი მაესტრო, დადგებიან. ნადალისა და ფედერერის 39-ე დაპისირპირებას საფრანგეთის ღია პირველობის ანუ როლან გაროსის ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილავთ. რაფაელ ნადალი ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა, 37 წლის ფედერერი კი ესპანელს ერთი საფეხურით ჩამორჩება და მე-3 ჩოგანია. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას რაფაელ ნადალი ფლობს, მას 23-ჯერ ჰყავს როჯერი დამარცხებული, 15 შემთხვევაში კი ფედერერმა მოახერხა მისი დამარცხება. თავდაპირველად როცა რაფა პროფესიონალურ საჩოგბურთო ტურში გამოჩნდა, ჩოგბურთის ექსპერტები მას "ანტი-როჯერს" უძახდნენ, მათი აზრით რაფა მხოლოდ როჯერის დასამარცხებლად იყო შექმნილი და მომზადებული, თუმცა ესპანელმა მატადორმა დაამტკიცა, რომ არამხოლოდ როჯერი არამედ მას ყველას დამარცხება შეუძლია. ორივე ჩოგბურთელი დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა ყველაზე პრესტიჟულ წოდებას - "პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელი", თუმცა ამ მხრივ რეკორდი როჯერ ფედერერს ეკუთვნის, ის 237 კვირის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის სათავეში იყო მოქცეული, ჯამში კი შვეიცარიელი 310 კვირის განმავლობაში იყო პირველი ნომერი. რაფაელ ნადალის შედეგიც ცალსახად ბრწყინვალეა, ის 196 კვირის განმავლობაში ლიდერობდა მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგს. როჯერ ფედერერს 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, თუმცა როლან გაროსი აქედან მხოლოდ ერთადერთია - 2009 წელს, მაშინ როცა ტრავმირებული ნადალი რობინ სოდერლინგის წინააღმდეგ დამარცხდა. რაც შეეხება ნადალს მას 17 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული, აქედან კი 11 როლან გაროსია, ალბათ მარტივად მისახვედრია თუ რამხელა უპირატესობას ფლობს ესპანელი თიხის საფარიან კორტზე, ცნობილი ფაქტია რომ რაფას "თიხის მეფესაც" უწოდებენ. ექსპერტების აზრით ფედერერისა და ნადალის დაპირისპირებაში ფავორიტად რაფაელ ნადალია მიჩნეული, თანაც საგრძნობლად დიდი უპირატესობით. როლან გაროსზე განვლილი გზის მიხედვით შესაძლოა ვთქვათ, რომ ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია და დიდებულ თამაშს აჩვენებს. როჯერს და რაფას ნახევარფინალამდე მოსასვლელ გზაზე საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები შეხვდნენ, თუმცა მათ მხოლოდ თითო სეტი აქვთ წაგებული - ნადალს დავიდ გოფინთან, როჯერს კი სტანისლას ვავრინკასთან. სტატისტიკა ერთ ძალიან საინტერესო რამეს გვაჩვენებს, უკანასკნელი 4 დაპირისპირება როჯერის გამარჯვებით დასრულდა, აქედან ბოლო 3 შეხვედრაში შვეიცარიელმა მეტოქეს ერთი სეტიც კი არ დაუთმო. აღსანიშნავი ფაქტია ასევე, რომ ფედერერსა და ნადალს შორის თიხაზე 15 შეხვედრაა გამართული საიდანაც როჯერს მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული. საჩოგბურთო "ელ კლასიკო" 7 ივნისს 15:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა გამომდინარე ამინდის ხშირი ცვლილებებიდან დრო შესაძლოა შეიცვალოს. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც მაესტროსა და მატადორის მატჩს ATP ტურმა მათი საუკეთესო გათამაშებების ვიდეო მიუძღვნა:

სხვა სტატიები