Belive

როჯერ ფედერერის დაბრუნების თარიღი ცნობილია

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
2020 წლის დასაწყისის შემდეგ როჯერ ფედერერი ჩოგბურთის გულშემატკივარს კორტზე, ოფიციალურ მატჩში არცერთხელ უნახავს. ამის მიზეზი ლეგენდარული შვეიცარიელის ტრავმა გახლდათ, რომლის გამოც მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ გაუხანგრძლივდა. მოსალოდნელი იყო, რომ "მაესტრო" კორტზე ავსტრალიის ღია პირველობისთვის უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა როჯერმა 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისათვის სრულყოფილი მომზადება ვერ მოასწრო.
1998 წლის შემდეგ, ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობა არასოდეს გამოუტოვებია
SRF TENNIS-სთან როჯერის განცხადების თანახმად შვეიცარიელი კორტს, მარტიდან 13-თვიანი შესვენების შემდეგ, დოჰას ტურნირზე დაუბრუნდება, რომელიც მისთვის უჩვეულო დროს, 8 მარტს აიღებს სტარტს.
"დიდი ხანია ვფიქრობ, სად და როდის დავბრუნდე: კორტზე ავსტრალიაში გამოჩენა ნაადრევი იქნებოდა, რადგანა ამაში ხელს მუხლის ტრავმა მიშლიდა. ამის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ავსტრალიაში თამაში განსაკუთრებით მიყვარს"
როდესაც როჯერს კითხეს თუ რატომ აირჩია დოჰას ტურნირზე დაბრუნება, მისი პასუხი ასეთია:
"მინდოდა, შედარებით მცირე მასშტაბის ტურნირზე დავბრუნებულიყავი, რათა შემეფასებინა, თუ როგორ კონდიციაში ვიმყოფები",- აცხადებს ფედერერი.
ფედერერი არ გამორიცხავს, რომ თუკი ფიზიკური მდგომარეობა ხელს შეუშლის, შეიძლება ტურნირს ნაადრევად გამოეთიშოს.

როგორია ფედერერის ცხოვრება ცხოვრება ჩოგბურთის გარეშე?


"ვფიქრობდი, რომ ტრავმის გამო, თავისუფალ დროს ჩემს შვილებსა და ინტერესებს დავუთმობდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩოგბურთის სიახლეებსა და შედეგებს უწყვეტად ვეცნობოდი"

როგორია როჯერის სამომავლო გეგმები?


"ბევრი ოცნება და სურვილი მაქვს. მინდა, ჩემს შვილებთან და მირკასთან ერთად თხილამურებით ბევრი ვისრიალო, წავიდე კემპინგზე, ვითამაშო კალათბურთი ან ჰოკეის თამაში ვისწავლო. ამისთვის კი, ფიზიკურად კარგ კონდიციაში ყოფნა მესაჭიროება",- აცხადებს ლეგენდარული შვეიცარიელი.
ამჟამად როჯერი მსოფლიო რეიტინგის მე-5 პოზიციას იკავებს, 39 წლის 20-გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულის მთავარ სამიზნედ ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალი რჩება.

სხვა სტატიები