Belive

როჯერ ფედერერის ქველმოქმედება - 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

როჯერ ფედერერი შეუერთდა იმ სპორტსმენთა რიგებს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის დროს ქველმოქმედება გაიღეს. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა კორონავირუსით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაიღო - მისი ქველმოქმედება შეეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც როჯერის დახმარება ფინანსურად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

"ეს ცხოვრებისეული გამოწვევაა ყველასათვის და არავინ უნდა დადგეს ამ ამბავის მიღმა. მე და მირკამ ერთობლივად გადავწვიტეთ, რომ 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკით დავხმარებოდით გაჭირვებულ ოჯახებს შვეიცარიაში". "ჩვენს მიერ გაღებული თანხა უბრალოდ დასაწყისია. ვიმედოვნებთ, რომ არაერთი ადამიანი და ორგანიზაცია შეეცდება ადამიანებისა და ოჯახების დახმარებას, მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავაღწიოთ თავი", - ვკითხულობთ როჯერ ფედერერის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მსოფლიოში საკმაოდ აქტუალური თემაა, ფედერერის მსგავსად არაერთმა სპორტსმენმა გაიღო ქველმოქმედება, სულ ახლახანს ლიონელ მესიმ და ხოსეპ გვარდიოლამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხალხის დახმარებაში. ამჟამინდელი მდგომარეობის თანახმად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 486 000 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი შვეიცარიაში საკმაოდ მაღალია - 11 125, საიდანაც 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 164-ია. რაც შეეხება თავად როჯერ ფედერერს, მაესტრომ ფაქტობრივად გაიარა პოსტოპერაციული პერიოდი და ნელ-ნელა სათამაშო კონდიციას უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი შეზღუდვის თანახმად, ყველა საჩოგბურთო ღონისძიება 7 ივნისამდე შეჩერებულია.

სხვა სტატიები