Belive

საფრანგეთის ღია პირველობა - ჯოკოვიჩი Vs. ნადალი (პრევიუ)

2 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
ჩოგბურთისა და სპორტის მოყვარულებისათვის ერთ-ერთი უდიდესი სანახაობა, 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელები იღებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ტურნირზე გამოვლენილია 4 ნახევარფინალისტი - სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. ჩოგბურთის მოყვარულები როლან გაროსის ნახევარფინალში სუპერმატჩების მოლოდინში არიან - ცხადია, ზვერევისა და ციციპასის შეხვედრაც შეგვიძლია "სუპერმატჩის" ეპითეტით მოვიხსენიოთ, თუმცა რეალურად ეს შესატყვისი "ჯოკოვიჩი-ნადალის" წყვილს უფრო აღწერს, ვიდრე რომელიმე სხვას.

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. რაფაელ ნადალი



მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირის საწყის 3 რაუნდში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მან ტენის სენდგრინი, პაბლო კუევასი და რიკარდას ბერანკისი ფაქტობრივად უშანსოდ, სეტის წაუგებლად, დაამარცხა. მე-4 რაუნდში მისი მეტოქე ახალგაზრდა იტალიელი ლორენცო მუსეტი იყო, რომელთანაც 0:2-ს აგებდა, თუმცა სერბმა წონასწორობაც აღადგინა და დასკვნით სეტში მოპოვებული მნიშვნელოვანი უპირატესობის შემდეგ იტალიელი დანებდა. ჯოკოვიჩის 1/4-ფინალური მეტოქე, კიდევ ერთი იტალიელი, მატეო ბერეტინი იყო, რომელთანაც 4-სეტში იმარჯვა და ნახევარფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე როლან გაროსის 13-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალია. თავის მხრივ რაფაელ ნადალსაც არ ჰქონია განსაკუთრებულად მარტივი ბადე, ესპანელის პირველი 4 მეტოქე პოპირინი, გასკე, ნორი და სინერი იყვნენ, რომლებიც სეტის წაუგებლად დაამარცხა და ფრანგული ასპარეზობიდან გამოთიშა. საყურადღებოა, რომ 1/4-ფინალში რაფაელ ნადალმა დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ 1 სეტი წააგო, რაც ერთობ მნიშვნელოვანი მარცხი იყო იმ კუთხით, რომ აღნიშნული სეტის წაგებამდე რაფას როლან გაროსზე მიჯრით 36 სეტი ჰქონდა მოგებული. ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ ჯოკოვიჩისა და ნადალის დაპირისპირება გაიმართება, რაც ჩოგბურთის მოყვარულებისათვის ცოტაოდენ უცნაური წყვილია ტურნირის ამ სტადიისათვის, თუმცა ეს ფაქტი იქედან გამომდინარეობას, რომ რაფა რეიტინგის მე-3 ნომერია, ჯოკოვიჩი კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პირველი და სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ჯოკოვიჩსა და ნადალს აქამდე 57 მატჩი აქვთ ჩატარებული, სადაც სერბი ჩოგბურთელი მინიმალურ უპირატესობას ფლობს - 29:28. როლან გაროსზე ჯოკოვიჩი და ნადალი ერთმანეთის პირისპირ 8-ჯერ გამოვიდნენ, სადაც ნოვაკმა ლეგენდარული ესპანელის დამარხცება მხოლოდ ერთხელ, მე-7 მცდელობაზე, შეძლო. მათი ბოლო შეხვედრა როლან გაროსზე გასული წლის საფინალო მატჩი გახლდათ, სადაც ნადალმა სერბს მხოლოდ 7 გეიმი დაუთმო და ანგარიშით - 3:0 მოუგო. რაც შეეხება თიხის საფარზე ჯოკოვიჩისა და ნადალის შეხვედრებს, 26 დაპირისპირებიდან ნადალმა 19 შემთხვევაში იმარჯვა, ჯოკოვიჩმა კი ესპანელი მატადორი 7-ჯერ დაამარცხა. ექსპერტებმა 2021 წლის როლან გაროსის ნახევარფინალში ერთმნიშვნელოვან ფავორიტად რაფაელ ნადალი მიიჩნიეს, რომელსაც ამ გამარჯვებით ტურნირის მე-14-ედ მოგების შანსი უჩნდება და ასევე მის ერთ-ერთ უმთავრეს ოპონენტთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობასაც აღადგენს.

სხვა სტატიები