Belive

,,სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და შესაბამის ორგანოებთან ვითანამშრომლებ'' - ჯოკოვიჩი

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ავსტრალიაში წაგებული საქმის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოემხაურა:
,,დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მინდა, მოკლე განცხადება გავაკეთო. მანამ, სანამ მომხდარზე ვრცლად ვისაუბრებ, დასასვენებლად და ძალების აღსადგენად დროს გამოვყოფ. ვიზის გაუქმების გამო, უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ. ეს ნიშნავს, რომ ავსტრალიაში ვერ დავრჩები და ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მივიღებ. სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ქვეყნიდან ჩემს დეპორტაციასთან დაკავშირებით, შესაბამის ორგანოებთან ვითანამშრომლებ. თავს უხერხულად ვგრძნობ იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში მთელი ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. ახლა შეგვიძლია, კონცენტრირებულნი ვიყოთ ტურნირსა და თამაშზე, რომელიც მიყვარს. მინდა, ჩოგბურთელებს, ავსტრალიის ღია პირველობის წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს საუკეთესო ტურნირის ჩატარება ვუსურვო,'' - განაცხადა ნოვაკმა.
ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმეზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ვიზა მეორედ გაუუქმეს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – მოსამართლემ ჩოგბურთელის ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა, შედეგად სერბმა საქმე წააგო. ავსტრალია უახლოეს დღეებში ნოვაკის დეპორტაციაზე იზრუნებს. სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. სერბი იმედოვნებდა, რომ ტურნირში მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა. ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ჯოკოვიჩს, რომელიც გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონია, ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის ადგილს სალვატორე კარუზო დაიკავებს.

სხვა სტატიები