Belive

შეუჩერებელი კრიტიკა ციციპასის მიმართ | წაგებული სეტის შემდეგ 8-წუთიანი Toilet Break

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ახალი კვირიდან ჩოგბურთი მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი სტეფანოს ციციპასი US OPEN-ის მესამე რაუნდში კვალიფიცირდა, თუმცა მას უამრავი ადამიანი აკრიტიკებს ჩოგბურთში ახლადდანერგილი ერთგვარი ხრიკის - Toilet Break-ის ხშირად გამოყენების გამო, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც მისი ოპონენტი ოპტიმალურ ფორმაში შედის. ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში ადრიან მანარინოს წინააღმდეგ თამაშის დროს, ციციპასმა წაგებული მესამე სეტის შემდეგ, კვლავ გამოიყენა ზემოთხსენებული "ხრიკი" და მეტიც, მან ტუალეტში 8 წუთი გაატარა, რაც ერთმნიშვნელოვნად დიდი დროა. ამის გამო ციციპასმა დამსწრე პუბლიკისგან სტვენა და ნეგატიური შეძახილებიც დაიმსახურა, რაც როგორც ჩანს მაყურებელმა საკმარის პასუხად არ აღიქვა და მომდევნო სეტის განმავლობაში დამსწრე საზოგადოების უდიდესი ნაწილი ადრიან მანარინოს ქომაგობდა. საყურადღებოა, რომ სტეფანოსმა US OPEN-ის პირველ რაუნდშიც მიმართა მსგავს ხერხს, როდესაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ენდი მარი იყო. "მის მიმართ პატივისცემა დავკარგე", - განაცხადა ენდი მარიმ. თავად ბერძენი ჩოგბურთელი ტუალეტისათვის განკუთვნილი შესვენების აღებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბერძენმა ჩოგბურთელმა მანარინოსთან თამაშში ეისების მოწოდების ჭრილში მისი რეკორდი დაამყარა - მან 27 აუღებელი მოწოდება მიითვალა. მომდევნო ეტაპზე სტეფანოს ციციპასის მეტოქე ახალგაზრდა ნიჭიერი ესპანელი ჩოგბურთელი, ალკარას გარფია იქნება.

სხვა სტატიები