Belive

უიმბლდონი, მეორე რაუნდის შემდეგ - ცენტრალური თამაშების მნიშვნელოვანი დეტალები

4 წლის წინ ჩოგბურთი
6 წთ
მიმდინარე კვირაში საჩოგბურთო სამყაროში “საზეიმო”, ანუ დიდი სლემის, ტურნირი – უიმბლდონი დაიწყო. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში კევინ ანდერსონი დაამარცხა. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მეორე რაუნდის შეხვედრებიც საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, თუმცა პირველთან შედარებით ნაკლებად სენსაციური.

ფერნანდო ვერდასკო Vs. კაილი ედმუნდი 

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ბრიტანელები ენდი მარის ტრავმის შემდეგ, დიდად განებივრებულები ნამდვილად ვერ არიან, ვინაიდან ამჟამად ვერცერთი მათი თანამემამულე ჩოგბურთელი ვარსკვლავებს ვერ წყვეტს. კაილი ედმუნდი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისი იმედიც დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დიდი დოზით აქვთ, თუმცა 2019 წლის უიმბლდონი ვერ გამოდგა ის ასპარეზი, სადაც კაილი თავს გამოიჩენდა. პირველი ორი სეტი ედმუნდის გამარჯვებით დასრულდა, მესამე სეტს ბრიტანელი საგრძნობი უპირატესობით იგებდა, თუმცა ანგარიშით 3:1-ზე ბრიტანელი 40:0-ს იგებდა საკუთარ მოწოდებას, თუმცა 4:1-ს ნაცვლად ანგარიში 3:2 გახდა, ვერდასკომ აღნიშნული სეტი ტაი-ბრეიკის წყალობით მოიგო, თუმცა მიზეზი ფეხის ტრავმაა, კაილი მარჯვენა ფეხზე დატვირთვას ვეღარ ახდენდა, შესაბამისად მან მომდევნო 2 სეტიც ფაქტობრივად უშანსოდ წააგო და დიდი სლემის ტურნირს დაემშვიდობა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6-4, 6-4, 6:7(3), 3:6, 4:6 - ვერდასკოს სასარგებლოდ.  

კევინ ანდერსონი Vs. იანკო ტიპსარევიჩი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კევინ ანდერსონი გასული წლის უიმბლდონის ფინალისტია, მას 1200 ქულა აქვს დასაცავი, შესაბამისად საკმაოდ კარგი და მომგებიანი ჩოგბურთის ჩვენება მართებს. მეორე რაუნდის შეხვედრაში შესაძლოა ხმამაღლა ვთქვათ, რომ მას გაუმართლა, მიუხედავად იმისა რომ იანკო ტიპსარევიჩი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა "მისმა მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა". 4-სეტიანი დაპირისპირება კევინ ანდერსონის გამარჯვებით დასრულდა, შესაბამისად ის მომდევნო ეტაპზეა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:4, 6:7(5), 6:1, 6:4 - ანდერსონის სასარგებლოდ.  

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. დენის კუდლა

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 2000 ქულის დასაცავად და მომდევნო დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად იბრძვის. ნოლე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არც პირველ და არც მეორე რაუნდში მას არ ჰყოლია ისეთი მეტოქე, რომელიც მისი რეალური შესაძლებლობების შეფასების საშუალებას მოგვცემს. 3-სეტიანი დაპირისპირება საათსა და 34 წუთში ნოლეს გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 6:2, 6:2 - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.  

დანიელ ევანსი Vs. ნიკოლოზ ბასილაშვილი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  დანიელ ევანსი საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ბრიტანელი ჩოგბურთელია, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს მეორე რაუნდში გადაეყარა. შეხვედრის ფავორიტად ევანსი იყო მიჩნეული, თანაც საგრძნობი უპირატესობით. სამწუხაროდ ნიკოლოზ ბასილაშვილი სეტის მოგების გარეშე დამარცხდა. მესამე სეტში ნიკამ უკუბრეიკის გაკეთება გარდამტეხ მომენტში მოახერხა, მას ტაი-ბრეიკზეც საკმაოდ დიდი შანსები ჰქონდა, თუმცა ბედის ბორბალი 100%-ით ევანსის მხარეს გადაიხარა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 6:2, 7:6(2) - დანიელ ევანსის სასარგებლოდ.  

როჯერ ფედერერი Vs. ჯეი კლარკი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  პირველ შეხვედრაში შვეიცარიელმა მაესტრომ ბოლომდე დამაჯერებლად ვერ იასპარეზა, მან 1 სეტი დათმო, თუმცა მეორე რაუნდში ჯეი კლარკი, რომელიც მსოფლიოს 169-ე ჩოგანია უსეტოდ გაისტუმრა კორტიდან. შეხვედრა საათსა და 39 წუთში შვეიცარიელის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:1, 7:6(3), 6:2 - ფედერერის სასარგებლოდ.  

რაფაელ ნადალი Vs. ნიკ კირგიოსი

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
  ესპანელი მატადორი უიმბლდონისათვის საკმაოდ კარგად არის მომზადებული, მეორე რაუნდში რაფაელ ნადალის მეტოქე უნიჭიერესი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი გახლდათ, რომელსაც უიმბლდონზე რაფას წინააღმდეგ გამარჯვება ერთხელ მოპოვებული ჰქონდა, თუმცა ამჯერად რაფა ავსტრალიელისათვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. 4-სეტიანი დაპირისპირება 3 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 3:6, 7:6(5), 7:6(3) - ნადალის სასარგებლოდ.  

ჟოაო სოუზა Vs. მარინ ჩილიჩი

ჟოაო სოუზა მეორე რაუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩოგბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ მარინ ჩილიჩი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მისთვის არადამახასიათბლად დაბალ პოზიციაზეა (18), უიმბლდონის კორტებზე ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ჟოაო სოუზამ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, მან მარინ ჩილიჩი უსეტოდ (!) დატოვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:4, 6:4, 6:4 - სოუზას სასარგებლოდ.  

მატეო ბერეტინი Vs. მარკოს ბაგდატისი

მეორე რაუნდის გამორჩეულ შეხვედრებში მატეო ბერეტინის მოხვედრა ალბათ გასაკვირი ფაქტია, თუმცა შეგიძლიათ გადახედოთ მის განვლილ შეხვედრებს და დასაბუთებული და საკმარისი არგუმენტი მიღებული გექნებათ. მატეო ბერეტინი ბალახის საფარზე შესანიშნავად ასპარეზობს, მეორე რაუნდში მისი მეტოქე გამოცდილი კვიპროსელი ჩოგბურთელი, მარკოს ბაგდატისი გახლდათ, თუმცა საათსა და 44 წუთში მატეო ბერეტინი მეტოქეს უშანსოდ გაუსწორდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:1, 7:6(4), 6:3 - ბერეტინის სასარგებლოდ. 

 

სხვა სტატიები