Belive

US OPEN: დები უილიამსები ერთმანეთის წინააღმდეგ

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
(31 აგვისტო - 1 სექტემბერი) გთავაზობთ დღის ცენტრალური მატჩის მიმოხილვას:   სერენა უილიამსი Vs ვენუს უილიამსი გრძელდება ამერიკის ღია პირველობა, სადაც მესამე რაუნდის თამაშები მიმდინარეობს. დღის ყველაზე საინტერესო თამაში უდავოდ დები უილიამსების შეხვედრაა. სპეციალისტების აზრით, მატჩის ფავორიტად სერენა მოიაზრება. იყო დრო, როდესაც სერენა და ვენუსი ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველ და მეორე ნომრებად განთესილები იდგნენ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ვენუსი მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზეა, ხოლო სერენა მას 10 საფეხურით ჩამორჩება და 26-ე ნომერია. აქვე აღსანიშნავია სერენას შეუდარებელი ლიდერობა ქალთა ჩოგბურთში, მიზეზი მისი 26-ე ნომრად ყოფნის, მხოლოდ ორსულობის გამო ჩაგდებული სეზონია (ორსულობის გამო აღებული პაუზის დროს სერენამ სპონსორებისგან კარიერის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა 18 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა). ამერიკის ღია პირველობაზე პირველ და მეორე რაუნდში დები უილიამსები შესანიშნავ ჩოგბურთს აჩვენებენ. არსებული მეტოქეების სირთულის მხრივ გამოსაყოფია ვენუსის პირველი რაუნდის მეტოქე რუსი სვეტლანა კუზნეცოვა, რომელიც საბოლოოდ 3 საათიან ბრძოლაში ანგარიშით - 6:3, 5:7, 6:3 დამარცხდა. ვენუსს არც მეორე მეტოქე ჰყოლია მარტივი - მას მეორე რაუნდში კამილა ჯორჯის დამარცხება მოუწია, რაც 2 სეტში მოახერხა. რაც შეეხება სერენას, მისი მეტოქეები მაგდა ლინეტი და კარინა ვიტკოფტი გახლდნენ, რომლებიც ჩოგბურთის ლეგენდამ კორტიდან ძალიან მარტივად გაისტუმრა. უიმბლდონზე წაგებული ფინალის შემდეგ სერენა არც ისე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა US OPEN-ზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მისთვის დამახასიათებელ ფორმაშია. ურთიერთშეხვედრებში სერენა უპირობო ფავორიტია 16 მოგება 8 წაგების პირისპირ, დებს შორის გამართული 24 შეხვედრიდან 14 დიდი სლემის ტურნირი გახლდათ, სადაც 10 შეხვედრაში გამარჯვებული სერენა იყო. სერენა და ვენუსი ამერიკის ღია პირველობაზე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, ამ სტატისტიკის ლიდერიც სერენა გახლავთ 3 მოგებით. ლეგენდარული დები ჯამში დიდი სლემის 30 ტიტულს ფლობენ - 23-ს სერენა, 7-ს ვენუსი. მათ შორის ამ სტადიაზე შეხვედრა იშვიათი შემთხვევაა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ჩავარდნილმა სეზონმა სერენა რეიტინგში დააქვეითა, რამაც დების ადრეულ სტადიაზე ერთმანეთის პირისპირ დადგომა გამოიწვია. ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგის მქონე დები, 1 სექტემბერს 03:00 საათზე შეხვდებიან ერთმანეთს.

სხვა სტატიები